სამართლებრივი და ზნეობრივი მიზნებისათვის ძალის საერთაშორისო გამოყენების ლეგიტიმურად გამოცხადება და ძალის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების მცდელობა. ეს ცნება თავდაპირველად ქრისტიანობის მიერ „სამართლიანი“ რელიგიური მიზნებისათვის ძალის გამოყენების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. ს. ო–ის ფორმალიზება ხდებოდა ომის წარმოების წესებით, რომელთაგან პირველი – ომის სამართალი – შეეხებოდა იმ პირობებს, რომლებშიც ომის გამოყენება ლეგიტიმურად ჩაითვლებოდა. ამ წესების მეორე ნაწილი, ომის წესები, თავად ომის წარმოების საშუალებებსა და მათ შეზღუდვას უკავშირდებოდა. მათი ზოგადი პრინციპი იყო ის, რომ ს. ო–ის წარმოება უსამართლო მეთოდებით იკრძალებოდა. ჰუგო გროციუსის მიხედვით, ს. ო–ის წარმოება ოთხ შემთხვევაში იყო გამართლებული: 1) თავდაცვისას; 2) უფლებების დასაცავად; 3) მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად; 4) დამრღვევი სახელმწიფო დასასჯელად. გროციუსის მიერ დაწყებულმა ომის წარმოების რაციონალიზაციამ მიგვიყვანა ომების წესების საყოველთაოდ აღიარებამდე, რაც შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებშია დაფიქსირებული და რომლებიც ომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ს. ო–ის კატეგორიას ტრადიციულად კრიტიკულად უდგებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც ომს პოლიტიკის იარაღად მიიჩნევდნენ და მის სამართლიან და ზნეობრივ მხარეებს უარყოფდნენ. ს. ო–ის რადიკალური შემთხვევაა ფუნდამენტალისტების მიერ პროპაგანდირებული საღვთო ომი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი