ებრაული ფემინიზმი, ისევე, როგორც, ზოგადად, ფემინიზმი, მრავალ განსხვავებულ მიდგომასა და პერსპექტივას აერთიანებს.
ებრაული ფემინიზმი მე-20 საუკუნის 60-იან წლების ბოლოს ჩამოყალიბდა, როგორც თანასწორი უფლებებისთვის მოძრაობა. ადრეული ებრაული ფემინისტური ნაშრომები ებრაულ სამართალში ქალთა უთანასწორობაზე ამახვილებდა ყურადღებას: სინაგოგაში ქალების მსახურების შეზღუდვა, ქალთა მიერ ლოცვის წარმართვის აკრძალვა, ქალებისთვის სწავლის უფლების ჩამორთმევა თუ ქალის მიერ განქორწინების ინიცირების უფლების არქონა. ებრაელი ფემინისტების მტკიცებით, ქალებიც კაცებივით სრულფასოვანი ადამიანები და სრულფასოვანი ებრაელები არიან და თანაბარი სულიერი საჭიროებები აქვთ. სწავლისა და საჯარო ლოცვის უფლების შეზღუდვა მათ ართმევს სულიერ მემკვიდრეობასთან კავშირის შესაძლებლობას და თვითონ იუდაიზმს აყენებს ზიანს ებრაელი ხალხის ნახევრის უგულებელყოფით.
ებრაული ფემინიზმის მოთხოვნები ლიბერალური ფემინიზმის მოთხოვნების მსგავსია, რადგან სკოლებსა და სინაგოგაში თანასწორობის მოთხოვნა ერთგვარი თანაბარი მოქალაქეობის მოთხოვნაა.
უფრო რადიკალური ებრაული ფემინიზმი ქალთა თანასწორობას იუდაისტური აზროვნებისა და პრაქტიკის უფრო მასშტაბურ ტრანსფორმაციაში ხედავს. მათი აზრით, მხოლოდ განათლებისა და ლოცვის უფლება (მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჭიროა), უბრალოდ, წარმოაჩენს წინააღმდეგობას ქალთა მონაწილეობასა და ტრადიციის არსს შორის. ასეთი მიდგომის მქონე ფემინისტები უფრო თეორიულ შეკითხვებს სვამენ: არის თუ არა იუდაიზმი, არსებითად, პატრიარქალური? რამდენად შეიძლება შეიცვალოს ტრადიცია? ტრანსფორმაციისთვის მომუშავე ფემინისტებს სურთ ებრაულ ტრადიციასა და ისტორიაში ქალთა ხმისა და გამოცდილების წარმოჩენა, ქალთა ისტორიის ხილვადად ქცევა.
ებრაული ფემინიზმი ღმერთის კაცად წარმოდგენასაც ეჭვქვეშ აყენებს. ერთნი ახალ ლოცვებში ღმერთს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელით მოიხსენიებენ, სხვები ებრაულ მისტიკურ ტრადიციაში შიკინას - ღმერთის ფემინური ასპექტის - ხაზგასმას ცდილობენ. გაჩნდა გენდერულად ნეიტრალური ხატები და ლიტურგიის ენაც.
ებრაელი ფემინისტების მიერ იუდაიზმის გარდაქმნის ეს ცდები მნიშვნელოვანია ფემინისტური თეორიისათვის ზოგადად, რადგან ისინი წამოჭრის საკითხებს ოჯახის, სექსუალობის, გენდერისა თუ იუდაიზმის კანონიკის შესახებ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000