გავრცელებული მოძრაობა ისლამურ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობაში სეკულარიზებული ხელისუფლებაა. გულისხმობს მმართველობის ისეთ სისტემასთან დაბრუნებას, რომელიც ემყარება ყურანს. თანამედროვე ისტორიაზე ი.ფ-ის პირველი მძლავრი ზეგავლენა 1979 წელს მოხდა, როდესაც ირანში ფუნდამენტალისტებმა ხელისუფლებას ჩამოაცილეს დასავლეთის მიერ აღიარებული შაჰი და იგი დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი მთავრობით შეცვალეს, რომელშიც მუსლიმანი სასულიერო პირები დომინირებდნენ. ი.ფ-ის ტრადიციული დაპირისპირება დასავლეთთან განპირობებულია მათი რწმენით, რომ დასავლური სამყარო ანგრევს ისლამური საზოგადოებისათვის განმსაზღვრელ ღირებულებებს. ფუნდამენტალისტები, პირიქით ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრება შარიათის კანონებზე ააგონ, რაც გულისხმობს ისლამური ნორმებიდან ამოზრდილ იმგვარ პრაქტიკას, როგორიცაა სქესობრივი სეგრეგაცია სამუშაო ადგილებზე, ალკოჰოლის მიღების აკრძალვა და სხვადასხვა დანაშაულისათვის უმკაცრესი ღონისძიებები, მათ შორის კიდურების მოკვეთა. არსებობს ი.ფ-ის შიიტური და სუნიტური ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან რადიკალიზმში. ამჟამად ფუნდამენტალისტები უპირისპირდებიან ალჟირის სეკულარიზებულ მთავრობას და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მიმართავენ ეგვიპტეში. ფუნდამენტალისტური პარამილიტარისტული დაჯგუფებები „ჰამაზი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ყოველ ღონეს მიმართავს, რათა არ დაუშვას ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესის პოზიტიური განვითარება. (იხ. აგრ. ფუნდამენტალიზმი).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი