ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ., მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. ს.ხ-ის მხარედ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები გვევლინებიან, ძირითადად, სახელმწიფოები. საერთაშორისო ჩვეულებისაგან განსხვავებით ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. ზეპირი, ე.წ. ჯენტლემენური შეთანხმებები, რომლებიც წარსულშიც ნაკლებად გამოიყენებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა პრაქტიკაში თითო-ოროლა შემთხვევის გარდა აღარ გვხვდება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი