საერთაშორისო ურთიერთობათა გამწვავების უკიდურესი ფორმა, რასაც ზოგჯერ შეიარაღებული შეტაკება მოჰყვება. ს.კ-ის წინაპირობაა პოლიტიკური კრიზისი მხარეებს შორის, რაც უკიდურესად ძაბავს სიტუაციას და ერთმანეთს უპირისპირებს როგორც პოლიტიკურ ელიტებს, ისე მასებსაც. თუმცა ყველა კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდება. საერთაშორისო ურთიერთობების წარმოდგენა კონფლიქტების გარეშე უტოპია იქნებოდა, მაგრამ მათი შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა საერთაშორისო ურთიერერთობების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. კონფლიქტების რეგულირების ტრადიციული ფორმებია შეკავება (იხ. შეკავების პოლიტიკა) და ძალთა წონასწორობა. ს.კ-ების ძირითადი სახეებია ტერიტორიული, რესურსული, ეთნიკური, ეკოლოგიური, იდეოლოგიური კონფლიქტები, რომლებიც უმთავრეს შემთხვევებში პოლიტიკური კონფლიქტის სახით ვლინდება, თუმცა არც თუ იშვითია მათი გამოვლენა ეკონომიკური და კულტურული კონფლიქტების ფორმითაც. ს.კ. შეიძლება მოხდეს ორი ან მეტი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მეტროპოლიის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებით. ნიშანდობლივია საომარ მოქმედებათა შეზღუდული მასშტაბი და შედარებითი ხანმოკლეობა. ს.კ-ის მხარეები მოვალენი არიან თავიანთ მოქმედებაში დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმების მოთხოვნა - ომის კანონები და ჩვეულებები. დამატებითი ოქმით დაცულია კულტურული ფასეულობები, აკრძალულია თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობის სასიცოცხლო ობიექტებზე (სახნავ მიწებზე, სასმელი წყლისა და ირიგაციულ სისტემებზე და სხვ.), აგრეთვე ისეთ ნაგებობებზე (წყალსაცავები, დამბები, ატომური ელექტროსადგურები და სხვ.), რომელთა ნგრევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. განსაკუთრებული დაცვის ობიექტები არიან ქალები და ბავშვები, დაჭრილები და ავადმყოფები, სამედიცინო პერსონალი და სანიტარული სატრანსპორტო საშუალებანი. განსაზღვრულია აგრესიის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი