დროებითი საერთაშორისო ორგანო, რომელიც მოწვეულია გარკვეული საკითხის (საკითხების) განსახილველად და შეთანხმებული გადაწყვეტილების მისაღებად. ს.კ-ის აღსანიშნავად ზოგჯერ ტერმინი „საერთაშორისო თათბირიც“ გამოიყენება. ს.კ-ების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმებია კონფერენციები საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციისათვის (მაგ., 1961 წლის ვენის კონფერენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ) და პოლიტიკური ს.კ-ები (სამშვიდობო კონფერენციები, პოლიტიკური თათბირები). თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში ს.კ-ის (საერთაშორისო თათბირების) ერთმა ნაწილმა ნახევრად მუდმივი ხასიათი შეიძინა - ასეთი თათბირები (კონფერენციები) გარკვეული პერიოდულობით მოიწვევა (მაგ., თათბირები უმაღლეს დონეზე: დიდი შვიდეულის ყოველწლიური შეხვედრები და სხვ.). კონფერენციებზე მოქმედებს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებათა მიღების შემდეგი წესი - თუ კონფერენციის (თათბირის) მუშაობაში მონაწილეთა ოდენობა შეზღუდულია, გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად, სხვა შემთხვევებში კი მათი მიღება ხდება ან უმრავლესობით (პროცედურულ საკითხებზე - დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო დასკვნითი ტექსტი - მეტწილად ორი მესამედის უმრავლესობით), ან კონსესუსუსით. თათბირებზე გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვეულებრივ, ერთობლივი განცხადების ან კომუნიკეს სახით, ხოლო ფართო წარმომადგენლობის პირობებში ჩატარებულ კონფერენციებზე - დასკვნითი აქტის სახით.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი