კვარტილთაშორისი გაბნევის დიაპაზონი

Inter Quartile Range, IQR

მანძილს პირველ კვარტილსა და მესამე კვარტილს შორის კვარტილთაშორისი გაბნევის დიაპაზონი ეწოდება და აღინიშნება IQR სიმბოლოთი, IQR=Q3-Q1. ეს სიდიდე გვიჩვენებს მონაცემთა შუა 50%-ის განფენილობას ანუ დიაპაზონს. მონაცემთა ნახევარი ანუ 50% ვარდება ამ ინტერვალში, რადგან მონაცემთა 25% ნაკლებია ან ტოლი პირველ კვარტილზე, მონაცემთა 25% კი მეტია ან ტოლი მესამე კვარტილზე და რჩება მონაცემთა 50% პირველ და მესამე კვარტილებს შორის. კვარტილთაშორისი გაბნევის დიაპაზონი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ შერჩევის განფენილობა (გაფანტულობა) ამოვარდნილი მონაცემების (არატიპიური ქულების) გარეშე, რომლებიც ცხადია პირველი კვარტილის ქვემოთ და მესამე კვარტილის ზემოთ მდებარეობენ. ამ მონაცემების გათვალისწინება კი ხშირად არასწორ ინფორმაციას გვაძლევს შერჩევის გაფანტულობის შესახებ.   

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: