ხატისებრი მეხსიერება

Iconic Memory

სენსორული მეხსიერება მხედველობით სფეროში, რომელიც დიდი რაოდენობის ინფორმაციის ძალზე ხანმოკლე დროში შენახვის საშუალებას იძლევა.

ხატისებური მეხსიერება უმცირესი დროის განმავლობაში ინახავს აღქმული ინფორმაციის ძალიან დიდ რაოდენობას. ხატისებური მეხსიერება ანუ ხატი, დაახლოებით, წამის ნახევარს გრძელდება. პირველად მასზე დაკვირვება მოხდა ექსპერიმენტში, რომელშიც კვლევის მონაწილეებს ეკრანზე წამის მეხუთედის განმავლობაში მიწოდებული ინფორმაციის აღდგენა ევალებოდათ.

ჯორჯ სპერლინგი მონაწილეებს ასოების განდა, ციფრებისგან შემდგარ სამ მწკრივს აწვდიდა:

7

1

V

F

X

L

5

3

B

4

W

7

კვლევის მონაწილეებს ორი განსხვავებული ამოცანის შესრულებას სთხოვდნენ. მასალის მთლიანად აღდგენის შემთხვევაში, მათ უნდა აღედგინათ მაქსიმალური რაოდენობა, რასაც შეძლებდნენ. ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაში დაახლოებით ოთხი წევრის აღდგენა ხდებოდა. მონაწილეთა მეორე ნაწილს მასალის ნაწილობრივ აღდგენას სთხოვდნენ ანუ ამ დროს მათ მხოლოდ ერთი მწკრივი უნდა აღედგინათ. მასალის მიწოდების შემდეგ გაისმოდა დაბალი, საშუალო, ან მაღალი ბგერითი სიგნალი, რომელიც კვლევის მონაწილეს მიუთითებდა, რომელი მწკრივი უნდა აღედგინა. სპერლინგმა დაადგინა, რომ განურჩევლად იმისა, რომელი მწკრივის აღდგენას მოსთხოვდნენ, ცდის პირები ამ მწკრივს სრულად აღადგენდნენ. იმის გამო, რომ მათ ზუსტად შეეძლოთ ბგერითი სიგნალის შესაბამისი ნებისმიერი მწკრივის აღდგენა, სპერლინგმა დაასკვნა, რომ მთელი მიწოდებული ინფორმაცია ხატისებურ მეხსიერებაში გადადის. ეს მიუთითებს ამ უკანასკნელის დიდ მოცულობაზე.

ამავე დროს, მასალის სრული და ნაწილობრივი აღდგენის მეთოდით განსხვავებული რაოდენობით მასალის აღდგენა გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის სწრაფი დავიწყება ხდება: მასალის სრული აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილეებს არ შეეძლოთ ხატისებურ მეხსიერებაში ასახული მთელი ინფორმაციის სრულად გახსენება. ეს დადასტურდა ექსპერიმენტში, რომლის დროსაც ბგერითი სიგნალის მიწოდება მასალის ექსპოზიციის შემდეგ ოდნავ დაგვიანებით სურათზე (იხ. სურათი) ჩანს, რომ ინტერვალის გახანგრძლივება ნულიდან ერთ წამამდე აღდგენილი წევრების რაოდენობას ამცირებს. ზუსტად არის გამოთვლილი ის დრო, რომელიც ხატისებური მეხსიერებიდან ინფორმაციის წაშლას სჭირდება. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ცოტა რამ დაიკარგოს ჩვენი მხედველობითი სამყაროდან, მეხსიერების პროცესებმა ძალიან სწრაფად უნდა გადაიტანონ ინფორმაცია უფრო მყარ საცავში.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხატისებური მეხსიერება არ არის ფოტოგრაფიული მეხსიერების სინონიმი, როგორც ამას შეიძლება ზოგიერთი თვლიდეს. ფოტოგრაფიული მეხსიერების ტექნიკური ცნებაა ეიდეტური წარმოდგენა: ხალხს, რომელსაც აქვს ეიდეტური წარმოდგენები, შეუძლია უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ხატისებურ მეხსიერებას, დეტალებში აღადგინოს სურათი, თითქოს აღიქვამს და აღწერს მას. ეს „ხალხი“ რეალურად ბავშვებია, რადგან დადგინდა, რომ ბავშვთა შორის 8%-ია ეიდეტიკოსი, მოზრდილთა კი — 0%-ია ეიდეტიკოსი. არ არსებობს მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი თეორია, რომელიც ახსნიდა რატომ ქრება ასაკთან ერთად ეიდეტური წარმოდგენები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: