ტერმინი, რომელიც გამოიყენება ისტორიის ფილოსოფიურ კონცეფციებსა, სოციალურ ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში (კროჩე, პოპერი). პოპერის თანახმად, ისტორიცისტული თეორიულ-მეთოდოლოგიური კონცეფცია ჰერაკლიტედან, პლატონიდან და არისტოტელედან მომდინარეობს. ახალ დროში ი-ის წარმომადგენლები იყვნენ ჰეგელი და მარქსი. ი-ის მთავარი ამოცანა ისტორიის წინასწარმეტყველებაში მდგომარეობს, მისი ძირითადი ნიშანია ესენციალიზმი, ჰოლიზმი, ისტორიის ურყევი კანონების არსებობის რწმენა წარსულში, აწმყოსა და მომავალში საზოგადოების განვითარების ფატალური ხასიათის აღიარება. პოპერის აზრით, ი. შეუთავსებელია ნამდვილ მეცნიერულობასთან. ისტორიული ხდომილებების ფუტუროლოგიური წინასწარმეტყველება შეუძლებელია თუნდაც იმის გამო, რომ ისტორიული განვითარება დამოკიდებულია ცოდნის ზრდაზე, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. სოციალურ-ისტორიულ პროცესებთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კანონებზე და არა „ტენდენციებზე“ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ ტენდენციებისათვის ისტორიული კანონზომიერების სტატუსის მინიჭებას, პოპერის თანახმად, აუცილებლად მივყავართ ავტორიტეტების ბრმა რწმენისაკენ, კრიტიკული მიდგომის გაქრობისკენ, დოგმატიზმისკენ და, საბოლოო ჯამში კი – ტოტალიტარიზმისკენ.
ისტორიციზმი
Historicism
კატეგორია: