ეს მიმართულება აერთიანებს ყველა იმ თეორიას, რომელიც საზოგადოების განვითარების ზოგად სურათს, მის სტრუქტურასა და მასში მიმდინარე პროცესებს გაოგრაფიულ გარემოს პირობებზე დამოკიდებულად მიიჩნევს. იდეას საზოგადოების ცხოვრებაში ბუნებრივი პირობების განმსაზღვრელი როლის შესახებ აყენებდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის მოაზროვნეები (პლატონი, არისოტოტელე და სხვები), თუმცა დასრულებული სახით ეს მიმდინარეობა XVIII ს-ში ჩამოყალიბდა. მის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755). მისი აზრით, ქვეყნის კლიმატი, ნიადაგი, ლანდშაფტი და ფართობი განსაზღვრავს იქ მცხოვრები ხალხის ხასიათის თვისებებს და, მთლიანობაში, საზოგადოებრივი განვითარების ხასიათს. ასე მაგალითად, ის ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკური წყობილება თავისი ბუნებით მოითხოვს პატარა ტერიტორიას, ხოლო თბილ ქვეყნებში კლიმატი ხელს უწყობს მმართველობის დესპოტური ფორმის დამყარებას. ამ მიმდინარეობის გვიანდელ წარმომადგენელთაგან აღსანიშნავია ჟ.თ. სბოკლი, კ. რიტტერი, ფ. ლე პლე, ფ. რატცელი, ე. სემპლი და ე. ჰათინგტონი. ისინი გარემოს ისეთ პირობებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა: კლიმატი, ნიადაგისა თუ მდინარეთა წყალუხვობის თავისებურებები, ლანდშაფტი, ქვეყნის ზომები, ბუნებრივი საკომუნიკაციო გზების თავისებურებები, მზის აქტივობა და სხვ., აგრეთვე ცდილობდნენ გამოეყენებინათ ზუსტი მეცნიერებების მეთოდები ჰიპოთეზათა შესამოწმებლად.
გეოგრაფიული მიმდინარეობა სოციოლოგიაში
Geographical Sociology
კატეგორია: