გეოგრაფიული დეტერმინიზმი

Geographical Determinism

მოძღვრება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა გეოგრაფიული გარემო (კლიმატი, რელიეფი, ნიადაგი, წყალი, ზღვისპირა მდებარეობა და ა.შ.). საზოგადოების სრულყოფილი განვითარება მხოლოდ ხელსაყრელ გეოგრაფიულ პირობებში ხდება. ამიტომ ის ხალხები და ქვეყნები დაწინაურდნენ, სადაც კარგი ბუნებრივი პირობები იყო (კერძოდ, ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლები). ცივ და ცხელ კლიმატურ სარტყლებში კი მოსახლეობა პრიმიტიულ დონეზე დარჩა. გ.დ-ის წარმომადგენლები იყვნენ ანტიკურ ეპოქაში ჰიპოკრატე, პლატონი და არისტოტელე, შუა საუკუნეებში - არაბი მოაზროვნე იბნხალდუნი, ხოლო ახალ პერიოდში - ბოდენი და მონტესკიე (საფრანგეთი), ბოკლი (ინგლისი), ლ. მეჩნიკოვი (რუსეთი). გ.დ-ის წარმომადგენლად ითვლება ასევე გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი. მან სახელმწიფო ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნია (სოციალ-დარვინიზმი), რომელსაც სჭირდება კვება და ბრძოლა არსებობისათვის, ეს კი გულისხმობს ტერიტორიების დაპყრობასა და ექსპანსიას. აქედან დაედო სათავე გეოპოლიტიკას.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: