გენდერული ნაპრალი ქალებსა და მამაკაცებს შორის სოციალურ, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ, კულტურულ ან ეკონომიკურ შესაძლებლობებში განსხვავებებს გულისხმობს.
პირველად ეს ტერმინი ბეტსი დანმა პოლიტიკურ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების არათანაბარი მონაწილეობის აღსანიშნავად გამოიყენა. ტერმინი განსაკუთრებით პოპულარული გახდა აშშ-ში 80-იან წლებში, როდესაც პოლიტიკაში ქალების რიცხვის მატების აღწერა გახდა საჭირო. თუ პირველი ტალღის ფემინისტების ძირითადი მიზანი ქალთათვის არჩევნებში ხმის უფლების მოპოვება იყო, ამჟამად ქალი და მამაკაცი ამომრჩევლის რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია, მაგრამ ქალების ჩართულობა პოლიტიკის მაღალ ეშელონებში მაინც ძალიან მცირეა.
დღეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება შრომით ბაზარზე ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობისა და მათ ხელფასებს შორის სხვაობის აღსანიშნავადაც. ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, სქესებს შორის შრომის ანაზღაურებაში სხვაობა ძირითადად პროფესიებისა და სამსახურების არჩევაში ქალებისა და მამაკაცების პრეფერენციებს შორის განსხავებებითაა განპირობებული (მაგალითად, ქალები უფრო მოქნილ, ნაკლებად დაძაბულ პროფესიებს და სამუშაო ადგილებს ირჩევენ, რომელთაც უფრო იოლად შეათავსებენ საოჯახო მოვალეობებთან), ასევე ხელმძღვანელ თანამდებობებზე მეტი მამაკაცის დასაქმებით (ანუ ჰორიზონტალური და ვერტიკალური სეგრეგაციით). ასეთი სკეპტიკოსები უარყოფენ, რომ არსებობს განსხვავება ზუსტად ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე და ერთნაირ პოზიციებზე დასაქმებული ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებაში. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ანაზღაურებაში გედნრული განსხვავების მნიშვნელოვანი პროცენტი სწორედ უკანასკნელი სახის განსხვავებით აიხსნება; რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია, როგორც დამსაქმებლების სექსისტური წარმოდგენების გამო ქალი მუშახელის დისკრიმინაციით, ისე გენდერული სტერეოტიპებით, რომელთა მიხედვითაც ოჯახისთვის ეკონომიკური პასუხისმგებლობა მამაკაცს უნდა ეკისრებოდეს.
2006 წლიდან მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს მსოფლიოს ქვეყნებში გენდერული ნაპრალის შესახებ (Global Gender Gap Report). მასში წარმოდგენილია განსხვავებები ოთხი ძრითადი სფეროს მიხედვით: ეკონომიკური მონაწილეობა და შესაძლებლობები, მიღწევები განათლებაში, პოლიტიკური ძალა, ჯანმრთელობა და გადარჩენა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge, pp. 196
Mueller, C.M. (ed.) (1988) The Politics of the Gender Gap: The Social Construction of Political Influence, Newbury Park, C. A. Sage.
Phillips, A. (1991) Engendering Democracy, Cambridge, MA, Polity Press.