ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Science Fiction

ფემინისტური ფანტასტიკა ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომლის მთავარი თემაა ქალის როლი საზოგადოებაში უტოპიურ სამყაროში. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო მერი შელი, რომლის „ფრანკენშტაინი“ ამ ჟანრის კლასიკაა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკაში მამაკაცები დომინირებენ და ის ერთგვარად „მამაკაცურ“ ჟანრად ითვლება, მას განსაკუთრებული ნათესაობა აქვს ფემინიზმთან. მართალია, ფემინისტი ავტორები ამ ჟანრს ფემინიზმის პირველი ტალღის დროსაც იყენებდნენ (მაგალითად, ბენგალელი მუსლიმი ფემინისტის როკია საკჰავათ ჰუსეინის (Roquia Sakhawat Hussain) „სულთანას სიზმარი“, ამერიკელი ფემინისტის შარლოტ პერკინს გილმანის „ქალის სამყარო“ (Herland)), ეს ნათესაობა განსაკუთრებით აშკარა გახდა 70-იანი წლებიდან, როდესაც გამოვიდა ამ ჟანრის ისეთი ფემინისტური ნაწარმოებები, როგორებიცაა: სიუზი მაკკი ჩარნასის „გასეირნება სამყაროს ბოლომდე“ (1974), ჯოანა რუსის „მდედრობითი მამაკაცი“ (1975) და მარჯ პირსის „ქალი დროის კიდეზე“ (1976). როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორი, ურსულა კ. ლე გუინი აღნიშნავდა (1975): „უმეტესობას სწორედ ქალთა მოძრაობამ გაგვააზრებინა ის, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ან სრულიად უგულებელყოფდა ქალებს, ან მათ წარმოადგენდა მოლაპარაკე თოჯინებად, რომლებიც მონსტრებს უნდა გაეუპატიურებინთ, შინაბერა მეცნიერებად, რომელთაც საკუთარი სქესი დაკარგული ჰქონდათ ინტელექტუალური ორგანოების ჰიპერტროფიის შედეგად, ან, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, თვითრეალიზებული გმირების ლოიალურ ცოლებად თუ საყვარლებად“.

ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტი ხშირად ვითარდება ისეთი სოციალური საკითხების გარშემო, როგორიცაა რეპროდუქციის როლი, საზოგადოების მიერ გენდერის კონსტრუირების პირობითობა, მამაკაცებსა და ქალებს შორის ძალაუფლების არათანაბრად განაწილება. ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკა ამ თემებთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ მათი გადაჭრის ილუსტრაციისთვის უტოპიას მიმართავს და ისეთ საზოგადოებას ხატავს, სადაც გენდერული სხვაობები ან გენდერულ ნიშნებზე დამყარებული ძალაუფლებრივი უთანასწორობა აღარ არსებობს; ან დისტოპიას – ხატავს საზოგადოებებს, სადაც გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გამძაფრებულია, რითაც არსებულ კონკრეტულ პრობლემებს გამოკვეთს. დისტოპიის გამოყენების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, რომელიც რეპროდუქციისა და ქალის მეორეხარისხოვანი სტატუსის პრობლემებს ეძღვნება. გარდა ამისა, ფემინისტური სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები (ოქტავია ბატლერი, ურსულა კ. ლე გუინი) ამ ჟანრს გენდერის, სქესის, სექსუალობისა და რასის ტრადიციული გაგების პრობლემატიზებისთვის იყენებენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Le Guin, U.K.(1975) “American SF and the Other”, Science Fiction Studies, #7, vol.2, URL: http://www.depauw.edu/sfs/backissues/7/leguin7art.htm

Code, L. (Ed) (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London and New York: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: