ფემინისტური დეტექტივი და კრიმინალური ისტორიები

Feminist Detective and Crime Fiction

ერთი შეხედვით, დეტექტიური ჟანრი მამრობითი სქესისაა. ასეთი შთაბეჭდილება შეგვექმნება, თუკი დეტექტიური ჟანრის ცნობილ მწერლებსა (ედგარ ალან პო, არტურ კონან დოილი, რეიმონდ ჩენდლერი, ჟორჟ სიმენონი) და მათ მიერ შექმნილ პერსონაჟებს (შერლოკ ჰოლმსი, დიუპონი, ფილიპ მარლოუ, კომისარი მეგრე) გადავავლებთ თვალს. გაგვახსენდება აგატა კრისტიც, მისი ერკიულ პუარო და ქალი დეტექტივი მის მარპლი, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად უპირისპირდება გენდერულ სტერეოტიპებს, რადგან დესექსუალიზებულია თავისი ასაკით, თავისი სქესის გამო პოლიციაში ვერ იმუშავებს და ვიქტორიანული სალონებიდან ხსნის მკვლელობებს. მართალია, იგი ერთგვარად ეწინააღმდეგება ხანდაზმული შინაბერას სტერეოტიპს, მაგრამ მისი მოქმედება ვიქტორიანული სალონების სივრცეში და პატარა ადგილობრივ საზოგადოების წრეში მხოლოდ მინიმალურად უპირისპირდება მიღებულ გენდერულ როლებსა და მოლოდინებს. გავრცელებული შეხედულება, რომ აგატა კრისტი დეტექტიური ჟანრის პირველი ქალი ავტორია, არასწორია. მკვლევარი კეიტ უოტსონი წიგნში „კრიმინალური ისტორიების ავტორი ქალები 1860-1880 წლებში“ მიმოიხილავს იმ ქალთა მოღვაწეობას, რომლებიც ამ ჟანრში არტურ კონან დოილამდე წერდნენ. მათ შორის იყვნენ ბრიტანელი ავტორები: კეტრინ კროუვი, კაროლი კლაივი, ელიზაბეტ გასკელი, მერი ელიზაბეტ ბრედონი, მისის ჰენრი ელენ ვუდი; შტატებიდან: ჰარიეტ პრესკო პსოფორდი, ლუიზა მერი ოლკოტი, ანა კატრინ გრინი; ავსტრალიიდან: კაროლინ ვულმერ ლიკი, ელენ დევიტი, მერი ჰელენა ფორტუნი და სხვები, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი სიცოცხლის მანძილზე მოხვეჭილი პოპულარობისა, სხვა ქალი მწერლების მსგავსად მოგვიანებით დავიწყებას მიეცნენ.

დეტექტიურ ჟანრში (როგორც, ზოგადად, პატრიარქალურ ცნობიერებაში) ქალებს ორი როლი აქვთ: საბედიწერო ქალის ან მსხვერპლის. ევა/მარიამისა და წმინდანი/მეძავის დიქოტომია აქაც ძალაშია. მართალია, ქალი მსხვერპლი შეიძლება არ მოკვდეს და ცოცხალი გადარჩეს, მაგრამ ის მაინც გაჩუმებული და ხმაწართმეულია სხვადასხვა სახით: მოტაცებული, ციხეში ან სარდაფში გამოკეტილი. ქალები გადარჩენას ელოდებიან, თუმცა ყოველთვის გმირული თვისებებით აღჭურვილი მამაკაცი პროტაგონისტისგან არა. ამგვარი სტერეოტიპიზება მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიცვალა. რაც შეეხება ე. წ. „ფამ ფატალს“, ანუ საბედისწერო ქალს, ისიც სტერეოტიპულად წარმოჩნდება: ის დახატულია როგორც საშიში, მომხიბვლელი ბოროტმოქმედი, სახიფათო სხვა, რომლის გაკონტროლებაა საჭირო, რათა კალაპოტიდან გადმოსვლის შესაძლებლობა არ მიეცეს. დეტექტივთა დამხმარე ქალები კი მზრუნველ დედობრივ როლში წარმოგვიდგებიან, თუმცა დიდად სასარგებლო საქმეს მაინც ვერ აკეთებენ. დეტექტივის სახე (ხშირად ეს კერძო დეტექტივია) ბევრ მასკულინურ თვისებას მოითხოვს: ის უნდა იყოს თავისუფალი აგენტი, თვითმყოფადი და ავტონომიური, რაც ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სიმდიდრესაც გულისხმობს (შერლოკ ჰოლმსი, ერკიულ პუარო); მიზოგინიის ნიშნებით. გლენვუდ აირონსი შენიშნავს, რომ ამერიკული დეტექტიური ჟანრის პროტაგონისტი ერთგვარი კოვბოის რეინკარნაციაა დიდ ქალაქში, თავისი ირონიით, მარტოხელობითა და ანტიფემინური მორალით. ამგვარად, ფემინისტურ დეტექტივად ითვლება ამ ჟანრის ისეთი ნაწარმოები, რომელიც პატრიარქალური სტერეოტიპების საპირისპირო სახე-ხატებს გვთავაზობს თავისი პერსონაჟებით. პიტერ მესენტი ამ ლოგიკით აგატა კრისტის ერკიულ პუაროს დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი სტეროტიპების გამაქარწყლებლად მიიჩნევს, რადგან იგი სასაცილო პატარა კაცია (გარეგნულად არ შეესაბამება ტრადიციულ მასკულინურ სახე-ხატს), წვრილ რუსულ სიგარეტებს ეწევა (რაც, ნორმატიული გენდერული კონსტრუქციების მიხედვით, ფემინური მახასიათებელია მასკულინური მსხვილი სიგარების საპირისპიროდ), ხოლო მისი ძალა ფიზიკურ სიძლიერეში კი არა, მის ანალიტიკურ გონებაშია. ბოლოდროინდელი ფემინისტური დეტექტივებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სარა პატერსკის პერსონაჟი ვ. ი. ვარშავსკი - ჩიკაგოში მცხოვრები კერძო დეტექტივი ქალი, ასევე სუე გრაფტონის კინსი მალჰოუნი - ოცდათორმეტი წლის ორჯერ განქორწინებული ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს პატარა ბინაში ბავშვების, შინაური ცხოველებისა და ოთახის მცენარეების გარეშე. თუმცა ქალი დეტექტივი პერსონაჟები მამაკაცებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ მიერ ჩადენილი ძალადობა ხშირად აგონდებათ, განიცდიან და საკუთარ მოქმედებას იაზრებენ. ბოლო დროის ყველაზე ძლიერი ფემინისტური დეტექტივია შვედი ჟურნალისტისა და მწერლის სტიგ ლარსონის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ - ტრილოგია, რომლის გმირი, ლიზბეტ სალანდერი, არათუ ამსხვრევს პატრიარქალურ სტერეოტიპებს, არამედ ზოგადად პატრიარქატის წინააღმდეგ იბრძვის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Watson, Kate, Women Writing Crime Fiction, 1860-1880: Fourteen American, British and Australian Authors, 2012, Shutterstock

Glenwood Irons, (ed.) Feminism in Women’s Detective Fiction, 2015, University of Toronto Press

კატეგორია: 
ავტორები: