თანასწორობა გულისხმობს პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს თანაბარი ღირებულება და პოლიტიკური უფლებები აქვს. ჰანა არენდტი განასხვავებს თანასწორობის ანტიკურ და მოდერნულ მნიშვნელობებს. ანტიკურ ეპოქაში იზონომიის (isonomy) ფარგლებში, რაც კანონის წინაშე თანასწორობას ნიშნავს, ადამიანები ბუნებით უთანასწორონი იყვნენ, მაგრამ როგორც მოქალაქეები, კანონის მეშვეობით ხდებოდნენ თანასწორნი. განმანათლებლობის ეპოქაში კი მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იბადება, მაგრამ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა და საზოგადოება მათ უთანასწორო პირობებში აყენებს. ისტორიულად მამაკაცს ქალზე უფრო მაღალი სტატუსი ეკავა და, შესაბამისად, უფრო მეტი პოლიტიკური თუ სამართლებრივი უფლებით სარგებლობდა, ვიდრე ქალი. XIX-XX საუკუნეებში ფემინისტები ქალებისათვის მოითხოვდნენ იმ ძირითად უფლებებს, რაც მამაკაცებს ჰქონდათ. თანასწორობა ფემინისტური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკამათო ცნებაა. შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი პერსპექტივა:
(1) თანასწორობის პერსპექტივა გულისხმობს კანონმდებლობის იმ ასპექტების იდენტიფიცირებას, რომლებიც სხვადასხვა მდგომარეობაში აყენებს ქალსა და კაცს და სამართლებრივი რეფორმის შედეგად ამ განსხვავებების აღმოფხვრას. ამ მიდგომის თანახმად, თანასწორობა მიიღწევა გენდერული ნეიტრალობითა და ანდროგინიით.
(2) განსხვავების პერსპექტივის თანახმად, აუცილებელია ქალების განსხვავებული თავისებურებების აღიარება და მათთვის პოზიტიური ღირებულების მინიჭება. მაგალითად, ზოგიერთი ფემინისტის აზრით, ისეთი ფემინური ღირებულება, როგორიცაა მზრუნველობა, მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულება უნდა გახდეს და ჩაანაცვლოს მასკულინური ღირებულებები.
(3) მრავალფეროვნების პერსპექტივა გულისხმობს თანასწორობისა და განსხვავების დიქოტომიის მიღმა გასვლას. ამ მიდგომის მიხედვით, თანასწორობის პერსპექტივა უგულებელყოფს თანასწორობის შეფასების კრიტერიუმების პატრიარქალურ ხასიათს. განსხვავების პერსპექტივა კი ერთმანეთისგან ვერ მიჯნავს მამაკაცურობისა და ფემინურობის ბუნებრივ და სოციალურად კონსტრუირებულ განსხვავებებს. მრავალფეროვნების პერსპექტივის თანახმად, მოქალაქის ცნება თავისთავად მასკულინურია და ფემინისტების მიზნები არ უნდა იყოს მისით ნაკარნახევი. რუთ ლისტერის (1997) აზრით, საჭიროა მოქალაქის ისეთი ცნება, რომელიც გააერთიანებს თანასწორობისა და განსხვავების მიდგომების სხვადასხვა ასპექტს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Arendt, H. (1990). On Revolution. London: Penguin Books
Lister, R. (1997). Citizenship: Feminist Perspective, London: Macmillan.