საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენელთა აზრით, დრომოჭმული საზოგადოებრივი წყობილება, ზნეობა, პოლიტიკა და ყოფა შესაძლებელია შეიცვალოს სიკეთისა და სამართლიანობის იდეებისა და მეცნიერული ცოდნის გავრცელებით, ამასთან, ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანი რეფორმების მეშვეობით. საზოგადოებრივი წყობის მანკიერებებს გ. ხსნის ადამიანების უვიცობით, საკუთარი ბუნების უცოდინარობით. ფართო გაგებით, გ. არის კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდში ანტიფეოდალური იდეოლოგიის სინონიმი. გ-ის იდეები ფართოდ გავრცელდა მრავალი ქვეყნის ლიტერატურასა და ხელოვნებაში და საფუძვლად დაედო ე.წ. განმანათლებლურ ეტაპს მათი განვითარების ისტორიაში. ცნობილი განმანათლებლები იყვნენ: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე, დალამბერი, დიდრო, ჰოლბახი, ჰერდერი, ლესინგი, შილერი, გოეთე, ფრანკლინი, ჰაინე, დესნიცკი, კობელსკი და სხვ. ისინი უდიდესი შემართებით ებრძოდნენ ეკლესიასა და ფეოდალიზმს, რელიგიურ დოგმატიზმს, სქოლასტიკურ აზროვნებას. XVIII ს-ში გ-მ დიდი გავლენა მოახდინა სოციალურ შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე (უტოპისტები, ნაროდნიკები).
გ-ის არსებითი ნიშნებია: 1. ყველა ადამიანური და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში გონების ავტორიტეტი; 2. თავისუფალი მოაზროვნეობა და ანტიდოგმატიზმი; 3. ანტიკლერიკალიზმი; 4. პოლიტიკური რადიკალიზმი. ეს ნიშნები საერთოა გ-ის სხვადასხვა ნაირსახეობისთვის და ამიტომაც ყველა მათგანს ახასიათებს: 1. დემოკრატიზმი, 2. რაციონალიზმი, 3. ისტორიული ოპტიმიზმი. პირველი დაკავშირებულია ფართო მასების მიერ კულტურისა და ცოდნის ზიარების აუცილებლობასთან. მეორე გულისხმობს გონების შეუზღუდავი შესაძლებლობების რწმენას, ხოლო მესამე - მეცნიერებისა და საზოგადოების პროგრესის, ისტორიული განვითარების ერთიანი მიზნების არსებოდის რწმენას.