ოჯახში ძალადობა განიმარტება, როგორც ერთი ოჯახის წევრის მიერ მეორეზე ძალადობა. მოძალადე და მსხვერპლი შესაძლოა დაქორწინებულნი იყვნენ ან ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთად. ოჯახში ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციური, სიტყვიერი, ეკონომიკური ან სექსუალური სახის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლობალურად ქალების მკვლელობის 38% ჩადენილია ინტიმური პარტნიორის მიერ.
ოჯახში ძალადობის ერთ–ერთი ფორმაა ღირსების სახელით ჩადენილი მკვლელობა (honor killing). ძალადობის ამ სახის მსხვერპლნი ძირითადად არიან ქალები, რომელთაც ოჯახის შემრცხვენებად მიიჩნევენ და ოჯახის ღირსების აღდგენის მიზნით კლავენ.
ძალადობის კულტურათაშორისი კვლევების თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში მსხვერპლნი, უმეტესწილად, არიან ქალები, ხოლო მოძალადეები - მამაკაცები. როგორც ცნობილია, ძალადობის ფორმა უფრო მძიმეა, თუ ქალი მოძალადეზე ეკონომიკურად არის დამოკიდებული. ძალადობის წახალისებას და სანქცირებას გენდერული სტერეოტიპები და გენდერის ნიშნით ორგანიზებული ძალაუფლებრივი იერარქიები ახდენს, რის გამოც მასთან ბრძოლა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ორმაგად ძნელია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Dutton D.G. (1994) Patriarchy and wife assault: The ecological fallacy in Violence and victims (2), pp.167–182.
Pope N. (2012) Honor Killings in the Twenty-First Century, Palgrave Macmillan, pp. 41–43.
Van Wormer K.S., Roberts A.R (2009) Death by Domestic Violence: Preventing the Murders and Murder-suicides. pp. 103–104