ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც იყენებენ გამალებული შეიარაღების შესაჩერებლად, საბრძოლო იარაღის საშუალებათა შეზღუდვისა და ლიკვიდაციისათვის. მისი საბოლოო მიზანია საყოველთაო და სრული გ., რაც ნიშნავს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაშლას, სამხედრო წარმოებათა გაუქმებას, ყველა სახეობის იარაღის წარმოების შეწყვეტასა და არსებულის განადგურებას. სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს მხოლოდ შეზღუდული ძალების შინაგანი წესრიგის დასაცავად. გ. შეიძლება განვიხილოთ როგორც პროცესიც და მდგომარეობაც. თავისი მასშტაბით იგი შეიძლება იყოს რეგიონული და გლობალური, სუბიექტთა მიხედვით - ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი. გ. შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული, ეხებოდეს იარაღის ცალკეულ სახეობებს ან მთელ შეიარაღებას და ა.შ. (მაგ., ცალკეული რეგიონების გამოცხადება არაბირთვულ, ანუ ატომური იარაღისაგან თავისუფალ ზონად): საყოველთაო და სრული გ. თანამედროვე პირობებში ფაქტობრივად მიუღწეველი, არარეალური სურვილი იქნებოდა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება დღესდღეობით შეიარაღების შეზღუდვა და მასზე კონტროლის განხორციელებაა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი