„დამოკიდებულება“ ან „დამოკიდებულად ყოფნა“ ნეოლიბერალურ დისკურსში დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების სახელმწიფოზე დამოკიდებულების პრობლემურობას აღნიშნავს. თანამედროვე პოპულარული მედია თუ სახელმწიფოთა პოლიტიკა დამოკიდებულებას პრობლემად წარმოადგენენ და ამით მრავალი სოციალური ჯგუფის დემონიზებას ახდენენ, მაგალითად: სახელმწიფო მზრუნველობის მიმღები დედების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ემიგრანტებისა თუ იძულებით გადაადგილებული პირების. დამოკიდებულად ყოფნის ალტერნატივად დასავლურ ლიბერალურ დისკურსში ისეთი ცნებები წარმოგვიდგება, როგორიცაა ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა, როგორც უნივერსალური და უპირობო იდეალები.
დამოკიდებულად ყოფნის მიმართ სიძულვილს არაერთი ფემინისტი აკრიტიკებს, მაგალითად, ნენსი ფრეიზერი და ლინდა გორდონი. მათი მტკიცებით, დამოკიდებულად ყოფნის პრობლემად აღქმა და მისი შიში მასკულინისტურ-კაპიტალისტურ თვალსაზრისს ეფუძნება, რომელიც ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად დამოუკიდებლობას მიიჩნევს, ხოლო დამოკიდებულად ყოფნას დევიანტურად აცხადებს. ხშირად დამოკიდებულების ანალიზი არ ითვალისწინებს ზრუნვის ცნებას, მაშინ, როდესაც პატრიარქალური კაპიტალიზმი ზრუნვის პასუხისმგებლობას ქალებს აკისრებს და, ამავდროულად, ზრუნვას საზოგადოებისთვის არაღირებულად და უმნიშვნელოდ მიიჩნევს. დამოკიდებულად ყოფნის სიძულვილი რასისტულ, კლასისტურ და სექსისტურ დაშვებებზეა დაშენებული, რადგან „დამოკიდებულად მყოფნი“ ძირითადად მუშათა კლასის წარმომადგენელი, ემიგრანტი, ფერადკანიანი ქალები არიან. ეს ის ჯგუფებია, რომლებსაც დასავლურ კულტურებში დისკრიმინაციის დიდი ისტორია და ავტონომიურობის დასავლური იდეალისგან გარიყვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Michael Fine, Caroline Glenginning, Dependence, Independence or Inter-dependence? Revisiting the concepts of ‘care and ‘dependency’, 2005, Ageing and Society. pp. 601-621.
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.