დეკონსტრუქცია არის ფილოსოფიური და მხატვრული ტექსტების კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რომლის შემოტანაც ფრანგი ფილოსფოსის ჟაკ დერიდას სახელს უკავშირდება („გრამატოლოგია“, 1967). დეკონსტრუქცია გულისხმობს იმის კვლევას, თუ როგორ აიგება გავლენიან ტექსტებში მნიშვნელობები და ძირითადი სათქმელი მკითხველისა და პოტენციური აუდიტორიის გათვალისწინებით, აგრეთვე იმ ფარული წინასწარდაშვებების გამოაშკარავებას, რომლებსაც ტექსტები ემყარება. დერიდამ დეკონსტრუქციის იდეა განავითარა პლატონიზმის კრიტიკის კონტექსტში, რომელსაც, მისი აზრით, დასავლური მონოლითური და ჰომოგენური მეტაფიზიკა ეფუძნებოდა. დერიდას მიხედვით, პლატონიზმისთვის არსებობა იერარქიულად მოწყობილ დაპირისპირებებზე დგას, რომელთაგანაც ერთი ყოველთვის აღმატებულია მეორეზე. მაგალითად, სხეულისა და სულის, გონებისა და გრძნობის, მეტყველებისა და წერის, კეთილისა და ბოროტის დიქოტომიათა შორის სული ყოველთვის მაღლა დგას სხეულზე, გონება – გრძნობაზე, მეტყველება – წერაზე (რადგან პირველადია და წინ უსწრებს წერას), კეთილი – ბოროტზე. დეკონსტრუქციის პირველი ფაზა სწორედ ამ იერარქიების თავდაყირა დაყენებაა, მეორე ფაზა კი იმის ჩვენებაა, რომ იერარქიულად დაბლა მდგომი მაღლა მდგომის „საწყისი“ და ამოსავალი წერტილია.
დეკონსტრუქციის იდეის გასაგებად მნიშვნელოვანია დერიდას მიერ შემოტანილი „დიფერანსის“ ცნებაც (სიტყვა დერიდამ შექმნა „განსხვავების“ ფრანგულ შესატყვისში ერთი ასოს შეცვლით (différence – différance); მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიტყვებში ეს განსხვავება მათ გამოთქმაში არ ვლინდება). ეს სიტყვა-ცნება (ბევრ სხვა მნიშვნელოვან მომენტთან ერთად) „აწმყოში ყოფნის (presence) მეტაფიზიკის“ კრიტიკის ინსტრუმენტია, რამდენადაც ის აჩვენებს აწმყოსა და წარსულ-მომავალს, აქტუალურად არსებულსა და არარსებულს შორის განსხვავების (უფრო ზოგადად, მეტაფიზიკურად მნიშვნელოვნად მიჩნეული და იერარქიების საფუძვლად აღიარებული განსხვავებების) მოუხელთებლობასა და გაურკვევლობას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lawlor, Leonard, „Jaques Derrida”, The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2014 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL: http://plato.stanford.edu/entries/derrida/#Dec