სოციოლოგიურ გამოკვლევათა შედეეგად მიღებული მონაცემების შენახვის ერთ-ერთი საშუალება; სპეციალურად ორგანიზებული ცენტრალიზებული საცავი; სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგების, მეთოდური ინსტრუმენტების, ემპირიული და თეორიული ანალიზის შედეგების ერთობლიობა, კრებული. არქივის დიდ მნიშვნელობას მასში არსებული მასალის სხვადასხვა მიზნით გამოყენების ფართო შესაძლებლობა განსაზღვრავს (მაგ., ინფორმაციის უფრო დეტალური შესწავლა-დამუშავება, სასწავლო მიზნები, მიღებული შედეგების შემოწმება და კონტროლი, სხვა გამოკვლევებთან შედარება და ა.შ.). არქივში შეიძლება დაცული იყოს სოციოლოგიური გამოკვლევების როგორც დამუშავებული, ისე დაუმუშავებელი მონაცემები, აგრეთვე ინფორმაციული მასალა დროის გარკვეულ პერიოდში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებების შესახებ. არქივში დაცულ მონაცემებს დიდი სოციალური და ისტორიული ღირებულება აქვს, ამიტომ სოციოლოგიური მონაცემების შენახვის პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია. ის დაკავშირებულია კომპიუტერიზაციასა და პირველადი მონაცემების შენახვის სხვადასხვა ხერხის შერჩევასთან. მონაცემების შენახვა ხდება ხანგრძლივი მუშაობისა და მრავალგზის გამოყენებისათვის გამოსადეგი ფორმებით (მაგ., ხელნაწერი ტექსტები, დაბეჭდილი მასალები, ფოტო და კინოდოკუმენტები, მაგნიტური ფირები, ვიდეო და აუდიომასალები, კომპიუტერული ჩანაწერები). მათი დაცვის თვალსაზრისით უმჯობესია ორი ან რამდენიმე ფორმის გამოყენება. არქივში სოციოლოგიური მონაცემების, იმფორმაციის შენახვა ხდება ქრონოლოგიური, ტერიტორიული, ინსტიტუციური, საგნობრივი მახასიათებლებისა და ავტორების (მკვლევრების) მიხედვით.
მ.ს-ის სინონიმად ზოგჯერ იყენებენ ტერმინს "მონაცემთა არქივი".
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი