თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები ქცევისა და მისი მიზეზების დაკავშირებას შემდეგი პრინციპით ახდენენ: თუ არსებობს ეს მიზეზი, მაშინ იარსებებს ქცევაც და, პირიქით, თუ არ არსებობს ეს მიზეზი, არ იარსებებს ქცევა.
კოვარიაციის პრინციპის ატრიბუციის თეორიაში შემოტანა ჰაროლდ კელის სახელს უკავშირდება, რომელიც ატრიბუციის პროცესის მოდელებს გვთავაზობს. კელი თვლის, რომ ადამიანები კოვარიაციის პრინციპის გამოყენებით, მრავალი მოვლენიდან ინფორმაციის დაგროვებასთან ერთად, ეწინააღმდეგებიან სოციალური სამყაროსთვის ჩვეულ ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას. ისინი გარკვეულ მიზეზობრივ ფაქტორს უკავშირებენ ქცევას, თუ ეს ფაქტორი ყოველთვის მოცემულია ქცევასთან ერთად, მაგრამ არასოდეს-ამ ქცევის გარეშე.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიდიხართ და ხედავთ მეგობარს, რომელიც ყვირილით მიგითითებთ იქვე გაჭენებულ ცხენზე. რის საფუძველზე დაასკვნიდით, რომ ის გაგიჟდა (დისპოზიციური ატრიბუცია) ან რეალურ საფრთხეზე მიგანიშნებთ (სიტუაციური ატრიბუცია)?
კელის მიაჩნია, რომ ადამიანები ასეთ დასკვნებს კოვარიაციის შეფასებების საფუძველზე აკეთებენ იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციის სამი განზომილების გათვალისწინებით, რომლის ქცევის ახსნასაც ცდილობენ ისინი. ეს განზომილებებია განსხვავებულობა, კონსისტენტურობა და კონსენსუსი. განსხვავებულობა გულისხმობს იმას, რამდენად დამახასიათებელია ეს ქცევა მოცემული სიტუაციისთვის: მეგობარი ყოველთვის ყვირის ცხენების დანახვაზე? კონსისტენტურობა გულისხმობს იმას, რამდენად ხშირად მეორდება ქცევა მოცემულ სიტუაციაში: ადრეც უყვირია თუ არა თქვენს მეგობარს ცხენის დანახვაზე? კონსენსუსი გვიჩვენებს, სხვა ადამიანებიც ასევე იქცევიან ამ სიტუაციაში თუ არა: ცხენის დანახვაზე ყველა ადამიანი იშვერს ხელს მისკენ და ყვირის?
ინფორმაციის ეს სამივე განზომილება გარკვეულ როლს ასრულებს საბოლოოდ გამოტანილ დასკვნაში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყვიროდა. სავარაუდოდ, როგორ ატრიბუციულ დასკვნას გააკეთებდით, დისპოზიციურს თუ სიტუაციურს?
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.