ცივილიზაციათა შეჯახება

The Clash of Civilizations

კონცეფცია, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ მეცნიერს სამუელ ჰანტინგტონს და გამოხატულია 1993 წელს ჟურნალ „ფორინ აფეარზ–ში“ გამოქვეყნებულ და ფართოდ გახმაურებულ სტატიაში „ცივილიზაიათა შეჯახება“. ჰანგტინგტონის აზრით, ცივი ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა პირობები ახალი და უკიდურესად საშიში კონფლიქტების წარმოშობისათვის, რაც დაკავშირებულია კულტურულ–რელიგიურ და ეთნიკურ განსხავებებთან. თუ აქამდე ომები დინასტიებს, იმპერიებსა და იდეოლოგიებს შორის წინააღმდეგობების შედეგი იყო, მომავალში კონფლიქტების მთავარი მიზეზი ცივილიზაციათა შორის დაპირისპირება იქნება. ჰანტინგტონი გამოყოფს რვა ძირითად ცივილიზაციას: დასავლურს, სლავურ–მართლმადიდებლურს, ისლამურს, კონფუციურს, იაპონურს, ინდუისტურს, ლათინო–ამერიკულს და (შესაძლო) აფრიკულს. სწორედ ამ ცივილიზაციათა შორის კულტურულ სხვაობას მიიჩნევს ჰანტინგტონი მომავალი მსოფლიო კონფლიქტების მიზეზად. ჰანგტინგტონი თვლის, რომ ძირითადი დაპირისპირება დასავლურ და ისლამურ ცივილიზაციებს შორის მოხდება. დასავლურ ცივილიზაციას აქვს უნივერსალობის პრეტენზია და იბრძვის დასავლური ფასეულობების მთელ მსოფლიოში დამკვიდრებისათვის. ამას ყველაზე მეტად ისლამური ცივილიზაცია ეწინააღმდეგება, მიიჩნევს რა დასავლურ ღირებულებებს სრულიად მიუღებლად ისლამური ზნეობისათვის. ამ წინააღმდეგობამ აგრესიული, შეურიგებელი სახე მიიღო, რაც ისლამურ ფუნდამენტალიზმში გამოიხატა. დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისლამის მთავარ მოკავშირედ ჰანტინგტონს კონფუციური ცივილიზაცია მიაჩნია, მაგრამ არ გამორიცხავს ისლამურ–კონფუციურ ბლოკში სხვა ცივილიზაციების გაერთიანებასაც, რაც საბოლოოდ იღებს სახეს – „ყველანი დასავლეთის წინააღმდეგ“. თუმცა ჰანგტინგტონის კონცეფცია მკვლევართა დიდი უმრავლესობის მიერ არ არის გაზიარებული, იგი მაინც რჩება ერთ–ერთ გავრცელებულ ჰიპოტეზად. ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: