სამოქალაქო უფლებები

Civil Rights

სამოქალაქო უფლებები ის უფლებებია, რომლებიც ადამიანს საკუთარი მოქალაქეობის გამო აქვს. სამოქალაქო უფლებებს მოქალაქეებს კონკრეტული სახელმწიფო ანიჭებს და ისინი კონსტიტუციასა და კანონმდებლობაშია აღბეჭდილი. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო უფლებების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ეზღუდებათ სოციალურ ჯგუფებს მათი რასის, გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

„ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია“ გამოყოფს სამოქალაქო და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. სამოქალაქო უფლებები მჭიდრო კავშირშია კონკრეტულ უფლებებთან და თავისუფლებებთან, რომლებიც ძირითადად დასავლურ ლიბერალურ კულტურაში ფასობს, მაგალითად: საკუთრების უფლება, აზრისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ხშირად ნეგატიურ უფლებებს უწოდებენ, რადგან ის ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩაურევლობას უსვამს ხაზს, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები კი პოზიტიურ უფლებებად ითვლება და სახელმწიფოსგან მათი დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს. სამუშაოს, განათლების, ჯანმრთელობის უფლებები პოზიტიური უფლებების მაგალითია.

სამოქალაქო უფლებების დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული  სოციალურ მოძრაობებთან. სამოქალაქო უფლებების დამცველთა არგუმენტია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

სამოქალაქო უფლებები ხშირად ასოცირდება სამოქალაქო უფლებების მოძრაობასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1950-იან წლებში ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა შავკანიან მოქალაქეთათის აშშ-ის კონსტიტუციური უფლებების რეალობად ქცევის მოთხოვნით დაიწყო. მისი მიზანი შავკანიანთა ამერიკულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იყო. სამოქალაქო უფლებების მოძრაობა აწყობდა ბოიკოტებს და მსვლელობებს რასობრივი სეგრეგაციის გასაპროტესტებლად სკოლებში, ტრანსპორტში, პარკებსა თუ რესტორნებში. სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ 1964 წელს სამოქალაქო უფლებების აქტის შემუშავებას მიაღწია, 1965 წელს კი ხმის მიცემის უფლების აქტი შეიქმნა.

იმდროინდელ ქალთა მოძრაობასა და  სამოქალაქო უფლებათა მოძრაობას შორის ბევრი საერთო იყო, თუმცა ეს ორი მოძრაობა არ გაერთიანებულა. შავკანიანი ქალები ფემინისტურ მოძრაობას მხოლოდ თეთრკანიანთა ინტერესების დაცვასა და შავკანიან ქალთა პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ. შავკანიან ფემინისტთა კრიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფემინისტურ თეორიასა და პრაქტიკაში რასას, გენდერსა და სოციალურ კლასს შორის ინტერსექციური ხედვის ჩამოყალიბებაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: