ქრისტიანული რელიგია ხშირად ფემინისტური კრიტიკის ობიექტი ხდება, რადგან ის იმ გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მძლავრ მაკონსტრუირებელ ძალად მიიჩნევა, რომელიც დასავლურ კულტურებში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და კვლავ განაგრძობს არსებობას. მიუხედავად ამისა, ფემინიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური არ არის. ქრისტიანობა ქალის შესახებ ორმაგ დისკურსს მოიცავს. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სამყაროს შექმნის ორი ისტორია არსებობს: დაბადების წიგნის პირველ თავში მოთხრობილია, რომ ადამი და ევა ერთდროულად შეიქმნენ, მეორე თავში კი უკვე სხვაგვარად გვხვდება ადამიანთა შექმნის ისტორია: ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა, ხოლო შემდგომ მისი ნეკნისგან - ევა. პავლე მოციქულის ტექსტებიც არ გვაძლევს ერთგვაროვან წარმოდგენას. ერთი მხრივ, ქრისტე არც მამრობითი სქესისაა და არც მდედრობითის, ხოლო მეორე მხრივ, ქალსა და კაცს შორის დადგენილია იერარქია, რომლის მიხედვითაც ქალი დაქვემდებარებულის პოზიციაშია.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ქრისტეს მოძღვრება ქალთა მიმართ უფრო მეტად თანასწორი მიდგომით ხასიათდებოდა, ვიდრე ეს მისი თანამედროვე ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი; ისიც ფაქტია, რომ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ქალები აქტიურად იყვნენ რელიგიის გავრცელებაში ჩართული და მოწინავე პოზიციებსაც იკავებდნენ. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობის ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, ქალთა ლიდერობასაც ბოლო მოეღო. ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის შუა პერიოდში უკვე ხდება ქალის ზოგადი სახის დაყოფა ცოდვილი, მაცდუნებელი ევასა და უბიწო, ქალწული მარიამის ხატების მიხედვით. შემდგომში ეს დისკურსი კიდევ უფრო განვითარდა, რომლის მიხევითაც ქალის სექსუალობა ცოდვად, ხოლო მისი ლიდერობა საშიშად და არაბუნებრივად აღიქმება. შესაბამისად, ქალს ცოდვისაგან თავის დახსნის მხოლოდ ორი გზა დაუწესდა: გათხოვება და ქმრის მორჩილება ან თავის ქრისტესთვის მიძღვნა და მონაზვნად აღკვეცა. თუმცა მონაზვნად აღკვეცას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა: ის ქალებს განათლების მიღების საშუალებას აძლევდა.
მოგვიანებით დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში ქალმა მისიონერის ადგილი დაიმკვიდრა. მისიონერ ქალებს მოგზაურობისა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება ჰქონდათ, რამაც შემდგომში ისეთი რეფორმისტული მოძრაობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როგორიც სუფრაჟისტული მოძრაობა იყო.
ელიზაბეთ ქედი სტენტონი, სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, 1890 წელს გამოქვეყნებულ თავის წერილში „ქალების ბიბლია“ ქრისტიანული იედოლოგიის მიერ ევას ცოდვილის ხატთან ქალის დაკავშირებას დაუპირისპირდა. მომდევნო წლებში ქრისტიანული ტექსტების ფემინისტური კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. კატრინ ბუშელი თავის ნაშრომში „ღმერთის სიტყვა ქალისადმი“ (1921 წ.) წერდა, რომ ახალი აღთქმა თავისი პირვანდელი სახით ქალის მიმართ ნაკლებ დისკრიმინაციული იყო, ხოლო ეს სახე მან მას შემდეგ შეიძინა, რაც მისი თარგმნა და ინტერპრეტაცია მამაკაცთა მიერ მოხდა.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები ეკლესიაში ქალის ლიდერობას კრძალავენ, ზოგიერთი პროტესტანტული ეკლესია ამას უშვებს, მნიშვნელოვნად იმატა ქალთა რიცხვმაც თეოლოგიურ სკოლებში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge
Clark, E. and Richardson, H. (1996) Women and Religion: The Original Sourcebook of Women in Christian Thought, San Francisco, Harper SanFrancisco, 2nd edn.
Lindley S.H. (1996) You have Stept out of your Place: A History of Women and Religion in America,Louisville, Westminster John Knox.
Schüssler-Fiorenza, E. (1984) Bread Not Stone: The Challenge of Feminist Biblical Interpretation, Boston, Beacon Press