ფემინისტურ თეორიაში „სხეულის პოლიტიკა“ აღნიშნავს იმ პრაქტიკებს და რეგულაციებს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოების გაბატონებული ძალები ადამიანის სხეულებს აკონტროლებს და წარმართავს; აგრეთვე, ინდივიდების ბრძოლას საკუთარი სხეულის კონტროლის მოპოვებისათვის.
ეს ტერმინი ამ მნიშვნელობით პირველად 1970-იან წლებში აშშ-ში „მეორე ტალღის“ ფემინისტებმა გამოიყენეს აბორტის უფლებისათვის ბრძოლის კონტექსტში. მათი დევიზის მიხედვით, ქალი თავად არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი და არავის - არც მის გარშემომყოფებს და არც სახელმწიფოს - არ აქვს უფლება, გააკონტროლოს მისი რეპროდუქცია. მალევე ამ ტერმინმა უფრო ფართო გამოყენება შეიძინა ადამიანის სხეულის რეგულირებაზე მიმართული ნებისმიერი ინსტიტუციური და ინტერპერსონალური ძალაუფლების კრიტიკისა და ასეთი ძალაუფლების მიმართ წინააღმდეგობის კონტექსტში.
სხეულის პოლიტიკის თეორეტიზება, ასევე, მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივაციის (objectification) პრობლემატიკას და ძალადობის წინაღმდეგ ბრძოლას. ფემინისტები დაუპირისპირდნენ ქალის ლამაზი სხეულის სტერეოტიპულ ხატს. მათი მტკიცებით, მედია და მოდის სამყარო ტირაჟირებას უკეთებს ქალის სხეულის გარკვეულ ფორმებს, რომლებიც ნაკარნახებია პატრიარქალური სამყაროს მიერ და ქალს არა პიროვნებად, არამედ უუფლებო საგნად წარმოაჩენს.
პოლიტიკურ თეორიაში ეს ფრაზა გამოიყენება სხვა მნიშვნლობითაც - როგორც მეტაფორა, რომელიც ერს წარმოადგენს ადამიანის სხეულის ანალოგიურ მთლიანობად.
იხილეთ, აგრეთვე: ბიოპოლიტიკა
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Price J. , Shildrick M. (1999), Feminist Theory and the Body, Edinburgh university press, pp. 220-227.