ბიოლოგიური დეტერმინიზმი

Biological Determinism

ბიოლოგიური დეტერმინიზმი (ან, როგორც ხშირად უწოდებენ, ბიოლოგიური ესენციალიზმი) არის თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ადამიანის არსს და განსხვავებულ გენდერულ როლებს ბიოლოგია, ანუ სქესი, განსაზღვრავს. მაგალითად, ბიოლოგიური დეტერმინიზმის არგუმენტით ქალებს გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად ფიზიკურად, ინტელექტუალურად და ემოციურად შეუფერებლად მიიჩნევენ. ბიოლოგიური დეტერმინიზმის არგუმენტები გვხვდება ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსების ნაშრომებშიც. მაგალითად, არისტოტელე თვლიდა, რომ ქალი მამაკაცზე ნაკლებად გონიერია მისი ბიოლოგიური თავისებურებების გამო.

ფემინისტი მკვლევრები ემიჯნებიან ბიოლოგიურ დეტერმინიზმს, რადგან ის უარყოფს სოციალურ-კულტურული ფაქტორების გავლენას და ადამიანის არსის განმსაზღვრელად ბიოლოგიას აცხადებს; ის უგულებელყოფს გარემოების გავლენასაც ბიოლოგიაზე,  მაგალითად, სტრესისა და ცხოვრების წესის შესაძლო გავლენას ჰორმონებზე. ფემინისტი მკვლევრების აზრით, ბიოლოგიური ესენციალიზმის არგუმენტები ამყარებს გენდერულ იერარქიას და გენდერული ნიშნით სეგრეგაციას. მაგალითად, მამაკაცის მიერ აგრესიის გამოვლენას მისი ჰორმონებით ან ბიოლოგიით ამართლებენ, ხოლო ქალებისთვის ბუნებრივად მიიჩნევენ სხვებზე მზრუნველობას იმის საფუძველზე, რომ ახალშობილზე ინტენსიურად ზრუნვა ქალის ბუნებრივი როლია რეპროდუქციაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York:   Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: