სილამაზე, სილამაზის სტანდარტები, ფემინურობა

Beauty, The Feminine Beauty Standards

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში ქალებს ყოველთვის დიდი შრომა უწევდათ იმისთვის, რომ იმ დროისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ქალური სილამაზის იდეალები დაეკმაყოფილებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სილამაზის აღქმა დროთა განმავლობაში შეიცვალა, უცვლელი დარჩა ის მსხვერპლი, რომელიც ქალმა ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უნდა გაიღოს.

ფემინისტები ცდილობენ, გამოააშკარავონ, როგორ მონაწილეობს სილმაზის სტანდარტები ფემინურობის კონსტრუირებაში და ასიმეტრიულ ძალაუფლებრივ ურთიერთობებში საწინააღმდეგო სქესებსა თუ თვითონ ქალებს შორის (სილამაზის სტანდარტების მიხედვით ქალთა შორის იერარქია იქმნება). თავიდან ფემინისტები სილამაზის ნორმებს ჩაგვრის ასპექტად მიიჩნევდნენ; ქალები სილამაზის სტანდარტების მსხვერპლად იყვნენ წარმოდგენილი. მოგვიანებით ზოგიერთმა ფემინისტმა განსხვავებული პერსპექტივა შემოგვთავაზა, რომლის მიხედვითაც სილამაზეზე ზრუნვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემოქმედებითი და გამაძლიერებელი პრაქტიკა ქალებისათვის. თუმცა ფემინისტურ დისკურსში სილამაზის სტანდარტებზე მსჯელობისას ძირითადად მაინც მის რეპრესიულ მახასიათებლებზე კეთდება აქცენტი.

ნაომი ვულფი 1991 წელს გამოცემულ წიგნში „სილამაზის მითი: როგორ გამოიყენება სილამაზის ხატები ქალთა საწინააღმდეგოდ“ (The Beauty Myth: How Images of Beauty Are Used Against Women) ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რაც უფრო გაძლიერდა ქალი, როგორც სოციალური ფიგურა, მით უფრო გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ის ფიზიკური სილამაზის სტანდარტების ერთგული იქნება. ვულფი აკრიტიკებს მოდისა და სილამაზის ინდუსტრიებს, როგორც ქალთა მთავარ ექსპლუატატორებს, ის მოითხოვს ქალებს მიეცეთ საშუალება, აკეთონ ის, რაც უნდათ და გამოიყურებოდნენ ისე, როგორც უნდათ, იმის შიშის გარეშე, რომ სილამაზის აღიარებული სტანდარტების არდაკმაყოფილების შემთხვევაში ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური წნეხის ქვეშ მოექცევიან.

ფემინისტ მკვლევართა აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალს საზოგადოებაში წარმატებული პოზიცია აქვს დაკავებული, მამაკაცები მას, ისევე, როგორც სხვა ქალები, უპირველეს ყოვლისა, გარეგნული მახასიათებლების მიხედვით აფასებენ.

სილამაზის სტანდარტებისაგან განთავისუფლებას წარმოუდგენელს ხდის ის ყოველდღიური წნეხი, რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით მოდის. ფემინისტების მტკიცებით, სილამაზის სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომლის საშუალებით დღესაც ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებშიც კი ქალის დაქვემდებარება და მამაკაცის დომინანტური პოზიციის შენარჩუნება ხორციელდება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Bartky, S. (1990) Femininity and Domination: Studies in the Phenomenology of Oppression, New York: Routledge.

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge, pp. 56

MacCannell, D. and MacCannell, J.F. (1987) The Beauty System, in N. Armstrong and L. Tennenhouse (eds) The Ideology of Conduct, New York, Methuen.

Young, I. (1990) Justice and the Politics of Difference, Princeton, NJ, Princeton University Press.

კატეგორია: 
ავტორები: