ასექსუალობა სექსუალური სურვილისა და ლიბიდოს ნაკლებობას ნიშნავს. ასექსუალობა განსხვავდება მარტოხელობისა და სექსუალური თავშეკავებისგან, რადგან მათში სექსუალური სურვილი ეჭვქვეშ არ დგება. პირიქით, ორივე ქცევა ინტერესის საგანი სწორედ იმიტომ არის, რომ არსებობს დაშვება, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სექსუალურ სურვილს ეწინააღმდეგება. ასექსუალობა კი სწორედ ამ სურვილის ნაკლებობაზე ან არარსებობაზე მიანიშნებს. ასექსუალს შესაძლოა ჰქონდეს სექსუალური კავშირი, მასტურბაციის გამოცდილება, ჰყავდეს შვილები, თუმცა, მისი სექსუალური სურვილის ინტენსივობა და სიხშირე სხვებთან შედარებით დაბალია. მიუხედავად ამისა, ასექსუალობა ანუ სექსუალური სურვილის ნაკლებობა აუცილებლად არ გულისხმობს საკუთარი, განსხვავებული ან ორივე სქესის წარმომადგენლების მიმართ ემოციების, ან მათთან რომანტიკული კავშირების სიმცირეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვისაუბროთ ჰომოსექსუალ, ჰეტეროსექსუალ ან ბისექსუალ ასექსუალებზე.
ასექსუალობა ბოლო წლებში გახდა ინტენსიური განხილვის საგანი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მას ფსიქოლოგიურ ან ბიოლოგიურ აშლილობად - ტრავმის, ან ჰორმონული დარღვევის შედეგად - მიიჩნევდნენ და მისი შესაბამისი კატეგორია DSM4-იც გვხვდება. თუმცა, ასექსუალი აქტივისტების მტკიცებით, საჭიროა, სხვადასხვაგვარად შევხედოთ შემთხვევებს, როცა ადამიანი ან მისი პარტნიორი სექსუალური სურვილის ნაკლებობას პრობლემად მიიჩნევს და შემთხვევებს, როცა სურვილის ნაკლებობა ადამიანს პრობლემას არ უქმნის. თუკი ასეთი „პრობლემა“ არ გვხვდება, შეგვიძლია, ასექსუალობაზე ვისაუბროთ, როგორც სექსუალური ორიენტაციის ნაირსახეობაზე, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის მსგავსად. ასექსუალობის პირველი თანამედროვე კვლევის მიხედვით (Bogaert, 2004), ასექსუალობა ადამიანთა 1%-ში გვხვდება.
უფრო მოგვიანებით, ასევე გაჩნდა კვლევები ასექსუალი ადამიანების მიერ იდენტობის განსაზღვრის შესახებ (Prause and Graham 2007, Scherrer 2008). თუმცა, ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასექსუალობის შესახებ ჯერ კიდევ დიდი თეორიული შრომაა ჩასატარებელი, არსებული ლიტერატურის კრიტიკისა და მიმოხილვის ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა ასექსუალობის კავშირისა და თანაკვეთების ანალიზი ფემინიზმთან და სექსუალობის თეორიებთან (ქვიარ თეორიასთან), ვინაიდან ასექსუალობის აღიარება ახალ სადისკუსიო შესაძლებლობებს ხსნის ამ დისციპლინებისათვის.
ასექსუალობაზე დისკუსიებს ზოგჯერ ბრალად სდებენ ადამიანის სექსუალობის უარყოფას და სექსუალობის თემის წინ წამოწევის მიზანმიმართულად შეფერხებას, თუმცა, ამ ბრალდების საწინააღმდეგოდ, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ სექსუალობის შესახებ თანამედროვე დებატებმა მოუტანა ხილვადობა ასექსუალობის საკითხს.
***
გამოყენებული ლიტერატურა"
Cerankowski, K. J., Milks, M. (2010), New Orientations: Asexuality and Its Implications for Theory and Practice, Feminist Studies, vol. 36, issue 3.
Prause, N., & Graham, C. A. (2007). Asexuality: Classification and characterization. Archives of Sexual Behavior, 36, (3), 341-356.
Pilcher J. and Whelehan I. (2004), 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.
Scherrer K. S. (2008), Coming to an Asexual Identity: Negotiating Identity, Negotiating Desire, Sexualities, vol. 11, no. 5, 621-641