ანდროცენტრიზმი

Androcentrism

ანდროცენტრიზმი (ბერძნულად: ἀνδρ - კაცი) გულისხმობს იდეოლოგიასა და პრაქტიკას სხვადასხვა სფეროში, რომელიც მამაკაცების გამოცდილებას წარმოადგენს ზოგადადამიანურ გამოცდილებად, უნივერსალური ცოდნის წყაროდ და, ასევე, ქალთა გამოცდილებების შეფასების ობიექტურ კრიტერიუმად. ანდროცენტიზმის ცნების ადრეული გამოყენება გვხვდება შარლოტ პერკინს გილმანის 1911 წელს გამოცემულ წიგნში „ჩვენი ანდროცენტული კულტურა“.

ფემინისტური ანალიზი აჩვენებს, რომ საზოგადოებათა დიდი ნაწილი, მათი კულტურა, ცოდნა, ინსტიტუტები ისტორიულად თუ აწმყოში ანდროცენტრულია, ამიტომ, ისინი ასახავენ და განამტკიცებენ მამაკაცთა უპირატესობას. ფემინისტური თეორიების ერთ-ერთი მიზანია იმ პირობების კვლევა, რომლებიც ანდროცენტრულობას უზრუნველყოფს. ფემინისტები ეჭვქვეშ  აყენებენ დომინანტური იდეოლოგიებისა და თეორიების საფუძვლებს, ყურადღებას ამახვილებენ იმ გენდერულად უთანასწორო სოციო-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კონტექსტზე, რომელშიც მამაკაცების მიერ შექმნილი და მამაკაცებზე ცენტრირებული ცოდნა ზოგადადამიანური ცოდნის სახელს მოიპოვებს. ანდროცენტიზმის კარგი მაგალითია ენა. მრავალ ენაში ადამიანის აღმნიშვნელ ნაცვალსახელად მამრობითი სქესის ნაცვალსახელი გამოიყენება, მსოფლიო მოსახლეობის აღსაწერად კი სიტყვა „კაცობრიობა“.

ფემინისტთა დიდი ნაწილი განსაკუთრებით დიდ პრობლემად აღიქვამს „მამაკაცური თვალსაზრისის“ დომინანტობას აკადემიურ სფეროში, თეორიასა თუ კვლევაში. აკადემიური ინტერესი ხშირად კაცებისთვის საინტერესო სფეროებზეა მიმართული, მაშინ, როცა ქალთათვის მნიშვნელოვანი საკითხები უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ამის მიუხედავად, მამაკაც მკვლევართა დიდი ნაწილი საკუთარ თავს გენდერის მქონე სუბიექტად არ აღიქვამს და მამაკაცთა მიერ შექმნილი ცოდნა რაციონალურობისა და აზროვნების ნეიტრალურ, მიუკერძოებელ იდეალად არის წარმოდგენილი.

მაშინ, როდესაც ანდროცენტრიზმთან დაპირისპირების ადრეული ცდები არსებულ ცოდნასა და თეორიებში „ქალური პერსპექტივის“ ჩამატებას ცდილობდა (მაგალითად, კვლევები ხელოვანი ქალების შესახებ, ან ორსულობისა თუ სექსუალური ძალადობის საკითხების წინ წამოწევა), მოგვიანებით ფემინისტებმა არსებული ცოდნის გადაფასების და ისეთი ახალი თეორიებისა თუ ცნებების შექმნისა და დანერგვის საჭიროება დაინახეს, რომლებიც ქალთა გამოცდილებასაც ითვალისწინებს. ანდროცენტრიზმის ფემინისტური კრიტიკა მოგვიანებით შეავსო და განავითარა თავად ფემინიზმში თვითკრიტიკული ცნობიერების განვითარებამ. მეოცე საუკუნის 80-იანი 90-იანი წლების ფემინისტური კრიტიკა დასავლურ ფემინიზმს მხოლოდ თეთრკანიანი, საშუალო კლასის, ჰეტეროსექსუალი ქალების პრობლემებით დაინტერესებასა და მათი გამოცდილებების განზოგადებაში სდებდა ბრალს. ანდროცენტრიზმის შემთხვევაშიც, კაცებზე ორიენტირებული და კაცების მიერ შექმნილი თეორია, პრაქტიკა თუ კვლევა არა მხოლოდ ქალთა გამოცდილებას გამოტოვებს, არამედ არ აცნობიერებს არც რასის, სოციალური კლასის, ასაკის, უნარ-შესაძლებლობის თუ სხა მახასიათებლების ზეგავლენას სხვადასხვა მოვლენის ანალიზისას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

კატეგორია: 
ავტორები: