ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიული გამოცდილება სხვადასხვაგვარია და მათი „ფემინიზმებიც“ არაერთგვაროვანია. თუმცა ამ განსხვავებებთან ერთად მათ ბევრი საერთო აქვთ: ესაა ესპანური, პორტუგალიური თუ ფრანგული კოლონიალიზმის მწარე გამოცდილება, რომელიც ეკონომიკურმა გლობალიზაციამ ჩაანაცვლა. ჩაგვრის ისტორიასთან ერთად ლათინური ამერკა მდიდარია წინააღმდეგობისა და პროტესტის ისტორიით. ქალთა სოციალური მოძრაობები, რომლებმაც პირადი ტკივილი საჯარო პრობლემად გარდაქმნეს, მხოლოდ ფემინისტური დღის წესრიგით არ იყო წარმართული. ფემინისტებისთვის აუცილებელი აღმოჩნდა ჩაგრული კლასებისა და ხალხების პრობლემატიკის გათვალისწინება.
ლათინური ამერიკაში ფემინიზმი დასავლური ფემინიზმის პარალელურად ვითარდებოდა. თავდაპირველად ფემინისტები აქაც განათლებისა და ხმის მიცემის უფლებას მოითხოვდნენ. ლათინურამერიკელი ფემინისტები, ზოგადად, საზოგადოების გათავისუფლებას ესწრაფვიან და მამაკაცებთან ერთად მონაწილეობენ რევოლუციურ ბრძოლებში. რევოლუციონერი ქალები მიიჩნევენ, რომ სოციალისტური რევოლუცია ქალების ემანსიპაციის წინაპირობაა.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, სამხედრო დიქტატურების მმართველობის დროს, ჩამოყალიბდა ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის სამი სახე: ფემინისტური აქტივიზმი, ადამიანის უფლებათა ჯგუფები და მიკროდონის (grassroots) ქალთა ჯგუფები. მემარცხენე ქალები ფემინისტური ფრონტის მოწინავე რიგებში იდგნენ. ისინი იმედგაცრუებული იყვნენ ქალთა საკითხების მიმართ მემარცხენე პოლიტიკის გულგრილობით და ჩაგვრის ფემინისტური ანალიზი განავითარეს.
ლათინურამერიკული ფემინისტური პრაქტიკისთვის დამახასიათებელია ჩაგვრის სხვადასხვა ფორმისა და ინტერსექციურობის გააზრება. ლათინურამერკელმა ფემინისტებმა მოახერხეს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიეპყროთ ლოკალური საკითხებისთვის. მაგალითად, 1992 წელს რიგობერტა მენჩუმ ნობელის პრემია მოიპოვა მშვიდობის დარგში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.