დეკონსტრუქცია (ფრანგულად déconstruction) ლიტერატურის თეორიასა და ფილოსოფიაში ჟაკ დერიდას მიერ შემოტანილი ცნებაა, რომელიც გულისხმობს ტექსტებში იმპლიციტურად ნაგულისხმევი წინასწარდაშვებების გამოვლენას და იმის ჩვენებას, როგორ აგებს, აკონსტრუირებს ეს თვითნებური წინასწარდაშვებები ექსპლიციტურად გამოთქმულ მტკიცებებს. ასეთი წინასწარდაშვებების ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია სამყაროს ხედვა მყარი ბინარული ოპოზიციების მეშვეობით. ფემინისტური დეკონსტრუქციის კრიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია „ქალისა“ და „კაცის“ დიქოტომიურად, ურთიერთსაპირისპირო პოლუსებად განხილვა. მაგალითად, კულტურაში კაცი წარმოჩენილია, როგორც ძირითადი და თვითკმარი, ხოლო ქალი - როგორც „სხვა“ და შემავსებელი. ემანსიპაციისთვის აუცილებელია ამ და სხვა ბინარული ოპოზიციებისგან თავის დაღწევა.
ფემინისტური დეკონსტრუქცია ეწინააღმდეგება ბიოლოგიურ ესენციალიზმს და ფემინურობასა და მასკულინობას განიხილავს, როგორც დისკურსულად შექმნილ იდენტობებს. მის თანახმად, ადამიანებს აყალიბებს სოციალური სისტემა და დისკურსი. ამგვარად, პიროვნებას შეიძლება არ გააჩნდეს უნარი, გაიაზროს გაბატონებული სოციალური დისკურსი და შეცვალოს ის. ფემინისტური დეკონსტრუქციის თანახმად, კატეგორია „ქალი“ წარმოსახვის ნაყოფია და ფემინისტებმა ამ წარმოსახვის გასაქრობად უნდა იმუშაონ. ლინდა ალკოვის (1988) აზრით, ფემინისტური დეკონსტრუქცია წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან მისი ფუნქცია ნეგატიურია და მას არ ძალუძს პოზიტიური ალტერნატივის შემოთავაზება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Alcoff, L. (1988). Cultural Feminism versus Post-Structuralism: The Identity Crisis in Feminist Theory. Signs, 13 (3), pp. 405-436.