ავტონომიურობა გულისხმობს დამოუკიდებლად არსებობისა და მოქმედების შესაძლებლობას. პირდაპირ მნიშვნელობით (ბერძნულიდან: αὐτός - თვით, νόμος - კანონი), ეს სიტყვა შეიძლება ითარგმნოს, როგოც საკუთარი თავის კანონმდებლობა, და აღნიშნავს რაციონალური აგენტის უნარს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, გარეგანი ზეწოლის გარეშე. ამ ცნებას დასავლურ ფილოსოფიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, როგორც ადამიანის არსებობის განსაკუთრებულ პირობას. ის დასავლური ინდივიდუალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი საფუძვლად მდებარე ცნებაა.
ბევრი ფემინისტი ავტორი ავტონომიურობის იდეალს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მას მასკულინური ნორმების ხელშემწყობად მოიაზრებს. ავტონომიურობის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი მისი ლიბერალურ ინდივიდუალიზმთან ასოციაციაა. ფიქრობენ, რომ ის უგულებელყოფს ადამიანთა გარდაუვალ ურთიერთდამოკიდებულებას და იწვევს ეთიკური მოძღვრებების სიბრმავეს ზრუნვის ეთიკური განზომილების მიმართ. მოგვიანებით ზოგიერთმა ფემინისტმა ამ ტერმინის რეაბილიტაცია სცადა. ავტონომიურობა მათთვის მნიშვნელოვანი კონცეპტია, გენდერული ნიშნით ჩაგვრის გააზრებისთვის. ავტონომიურ პიროვნებას შესწევს უნარი, მართოს საკუთარი ქმედებები. ავტონომია გაიგივებულია თავისუფლებასთან, საკუთარი თავის მართვასთან, სუვერენიტეტთან, თვითდამკვიდრებასთან. ავტონომიის თეორიები, შეიძლება, დავყოთ ორ ჯგუფად: ერთნი ყურადღებას ამახვილებენ ქმედებასა და აგენტში დამოუკიდებელობის ხარისხზე, ხოლო მეორენი - რაციონალურობის ხარისხზე. ბევრი თანამედროვე ფემინისტი ავტონომიურობას ქალების განთავისუფლების წინაპირობად მიიჩნევს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.