პოლიტიკურმა მეცნიერებამ ტერმინი სამხედრო მეცნიერებებიდან შემოიტანა. განსხვავებით ტაქტიკისაგან, რომელიც ბრძოლის წარმოებას გულისხმობს, ს. ომის წარმოების ხელოვნებაა. ამ გაგებით ს. არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უშუალო სამხედრო ოპერაციების გარდა, გულისხმობს ომის წარმოებისათვის საჭირო ყველა კომპონენტის (ეკონომიკური, საკომუნიკაციო, კულტურული და ა.შ.). გათვალისწინებასა და დაგეგმარებას. განასხვავებენ „სტრატეგიას“ და „დიდ სტრატეგიას“. დიდი ს. ასოცირებულია მსოფლიო ომსა და გლობალურ კონფლიქტებთან. ცივი ომის პერიოდში დიდ ს–ს ძირითადად ზესახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები შეიმუშავებდნენ. ტერმინი ს. პოლიტიკური მნიშვნელობით გულისხმობს რომელიმე პარტიის, პოლიტიკური დაჯგუფების ან სულაც სახელმწიფოს გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამის დაგეგმვას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი