რომელიმე ჯგუფის წევრების საერთო ინტერესი, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ინდივიდუალური ინტერესების იმგვარი ერთიანობისაგან, რომელიც რომელიმე ერთ სოციალურ სფეროში არსებობს. ეს სხვაობა გამომდინარეობს თვისებრივი დიფერენციაციიდან - სხვაობიდან ადამიანთა საერთო ინტერესებსა და ინდივიდუალური ინტერესების უბრალო ჯამს შორის, რომელიც ყალიბდება ინდივიდების ლოკალური მიზნების ნიადაგზე. იგივე ფენომენები შეგვიძლია ჰობსის ტერმინოლოგიით გამოვხატოთ, როგორც „საყოველთაო ნება“ და „ყველას ნება“. ჰობსის აზრით, სახელმწიფო როგორც პოლიტიკურ ურთიერთობათა სუვერენი ყალიბდება მხოლოდ საერთო ნების მოცემულობის შემთხვევაში. სხვები, ვინც არ იზიარებენ ჰობსის ამ იდეას, ცდილობენ „საყოველთაო ნების“ „ყველას ნებამდე“ რედუცირებას და მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში ს.ი-ზე მსჯელობას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს ან გულისხმობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და მისწრაფებებსაც.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი