საზოგადოების პოლიტიკური ქცევის მოდელი, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ორიენტაციების ერთობლიობა, სულიერი კულტურის ორგანული ნაწილი და პოლიტიკური სისტემის აუცილებელი ელემენტი. პ. კ-ის განვითარების დონე (ტიპი) ფაქტობრივად განსაზღვრავს საზოგადოების დემოკრატიზაციის ხარისხსა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათს. ტერმინი პ. კ. პირველად გვხვდება XVIII ს-ში გერმანელი განმანათლებლის ი. ჰერდერის შრომებში, ხოლო მისი მეცნიერული ცნება, როგორც პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილისა, შემოიტანა ამერიკელმა პოლიტოლოგმა გ. ალმონდმა 1956 წელს დაწერილ სტატიაში „შედარებითი პოლიტიკური სისტემები“. პ. კ-ის კონცეფციის შემუშავებაში გ. ალმონდთან და ს. ვერბასთან ერთად დიდი როლი ითამაშა ლ. პაის, გ. პაუელის, უ. როზენბაუმის, რ. როუზის, ა. ლიპსეტის, დ. დივაინის და სხვათა შრომებმა. დღეისათვის არსებობს პ. კ-ის ათეულობით განსაზღვრება. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, კულტურის ფენომენის სირთულესა და მრავალფეროვნებას; მეორე მხრივ, იმას, რომ საზოგადოებათმცოდნეები სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომის საფუძველზე იკვლევენ პ. კ-ის სტრუქტურულ ელემენტებსა და ფუნქციებს.
პოლიტიკური კულტურა
Political Culture
კატეგორია: