სახელმწიფო მმართველობის ფორმა, როლის დროსაც უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ (რეალურად ან ფორმალურად) სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს - მონარქს (ხელმწიფეს, მეფეს, იმპერატორს, შაჰს, სულთანს და ა.შ.) ეკუთვნის. მ-ულ მმართველობას იგი მემკვიდრეობით იღებს და მემკვიდრეს გადასცემს. განასხვავებენ აბსოლუტურ, შეუზღუდავ და კონსტიტუციურ, პარლამენტარულ მ-ებს, როდესაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია პარლამენტით ან სხვა სახით. პირველის მაგალითებად შეიძლება ჩაითვალოს მონათმფლობელური და ფეოდალური მ-ები. დღეს აბსოლუტური მ-ები თითზე ჩამოსათვლელია (საუდის არაბეთი, კატარი, ომანი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და სხვ.) რაც შეეხება კონსტიტუციურ მ-ებს, ისინი მრავლადაა (დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, შვეცია, ნორვეგია, ბელგია, დანია და სხვ.), მათი რაოდენობა ოთხ ათეულს აღწევს. სხვა საკითხია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მონარქების ხელისუფლებას უფრო სიმბოლური, ფორმალური ხასიათი აქვს და ისინი წარმომადგენლობით, ცერემონიალურ ფუნქციას ინარჩუნებენ. ზოგ შემთხვევაში ესაა თეოკრატიული სახელმწიფოები, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ერთდროულად რელიგიური მეთაურიცაა (ომანი, კატარი და სხვ.).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი