სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც ხელისუფლება თავმოყრილია სასულიერო პირთა ან ეკლესიის მეთაურთა ხელში. თ–იული სახელმწიფოები უძველეს დროშიც არსებობდა. ასე მაგ., ძველ იუდეაში ძვ. წ. V-I საუკუნეებში მთელი ძალაუფლება უმაღლესი ქურუმის ხელში იყო თავმოყრილი. ცნობილია, აგრეთვე, XVII ს–ში პარაგვაიში იეზუიტების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო, იმამ შამილის მმართველობა ჩეჩნეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელმაც ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაუწია მეფის რუსეთი არმიას XIX საუკუნეში კავკასიის დაპყრობისას; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიერთებამდე დალაი ლამა (ლამას სასულიერო პირთა თავი) ტიბეტის საერო ხელისუფლებასაც ხელმძღვანელობდა. რომაულ–კათოლიკური ეკლესიის მეთაური – პაპი ერთდროულად ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. თუმცა დღეს მთლიანობაში თ. ისტორიულ ანაქრონიზმად შეიძლება ჩაითვალოს, ირანის „ისლამურმა“ რევოლუციამ 70–იანი წლების ბოლოს დაგვანახა ფაქტობრივი ხელისუფლების შიიტთა სასულიერო პირთა ხელში გადასვლის მაგალითი, რომელსაც აიათოლა ხომეიინი ედგა სათავეში. თ–იულ ტენდენციებს თან ახლავს მოქალაქეთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რელიგიური რეგლამენტაცია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი