ინტერსუბიექტური (სუბიექტთაშორისი) კომუნიკაციური ურთიერთობის ფორმა (განსხვავებით მრავალმხრივი პოლიდიალოგისაგან), რომელიც ხორციელდება პოლიტიკური დატვირთვის მქონე ენობრივი საშუალებებით და მიმართულია მხარეთა საერთო ინტერესების გამოვლენის, საერთო პოლიტიკური პოზიციის გამომუშავებისა და პრობლემის თანამედროვე გზებით მოგვარების, ასევე მიზნების, განზრახვების, იდეების შეთანხმებისაკენ და ა.შ. რადგან ენობრივი ურთიერთკომუნიკაციის პროცესი აგებულია პრინციპით „კითხვა–პასუხი“, „თანხმობა–წინააღმდეგობა“, ამიტომაც მას ხშირად თანხმობის ძიების ან შეთანხმების პროცესსაც უწოდებენ; სიტყვის dialogos ნაწილს – logos აქვს ფონეტიკური და ეტიმოლოგიური მსგავსება ტერმინთან logoy – თანხმობა (logos–ის ნათესაობითი ბრუნვა) და homologein-თან (განუსაზღველი ფორმა ზმნისა homologeo -ვეთანხმები). ძველი ბერძნები დიპლომატიური ურთიერთობების დროს ხმარობდნენ სიტყვას dialogen ანუ შერიგება, რომელიც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო სურვილი საომარი მოქმედებების შეწყვეტისა. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა საერთაშორისო ურთოერთობების პოლიტიკა და დიპლომატია განიხილებოდეს როგორც ჰუმანიტარული შემეცნებისა და კულტურის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო და მის საკვლევად გამოყენებულ იქნეს ფენომენოლოგიური, ჰერმენევტიკული, ფსიქოანალიტიკური, ლინგვისტური მეთოდები. მათ საფუძველზე დ–ის მეთოდს შეუძლია ეფექტურად მოახდინოს პოლიტიკური მოქმედებების პროგნოზირება, შეიმუშაოს და განახორციელოს პოლიტიკური პროგრამები. აღნიშნული მეთოდების გამოყენება, თავის მხრივ, ხელს უწყობს ისეთი პოლიტიკური დისციპლინების წარმოქმნას, როგორებიცაა: პოლიტიკური ლინგვისტიკა, პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური ჰერმენევტიკა და სხვ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი