ანარქიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anarchism

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს სახელმწიფოს მოსპობა და იძულებითი ძალაუფლების შეცვლა მოქალაქეთა ნებისმიერი ფორმის თავისუფალი და ნებაყოფლობითი ასოციაციით. ა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში XIX ს-ის 40 - 70-იან წლებში. ყოფით სიტუაციაში ა. აღნიშნავს მორალური და პოლიტიკური წესრიგის არარსებობას. XIX - XX სს-ის მიჯნაზე ანარქისტებმა რამდენიმე მეტად ხმაურიანი მკვლელობა განახორციელეს, მათ შორის: რუსეთის მეფის ალექსანდრე II -ის (1881), საფრანგეთის პრეზიდენტ კარნოსი (1894) და ამერიკის პრეზიდენტ მაკკინლისა (1901). ა-ის ერთიანი პოზიტიური დოქტრინა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოს უარყოფის იდეას. მისი თეორეტიკოსები ვერ თანხმდებიან ყველაზე უფრო ფუნდამენტურ საკითხებშიც კი. თუ სახელმწიფოს მომხრეები მას განიხილავენ როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ანარქისტები, პირიქით, სწორედ სახელმწიფოში ხედავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების წყაროს. ა-ის იდეამ, რომელსაც ანტიკური და შუა საუკუნეების მრავალი მოაზროვნის შრომებში ჩანასახის ფორმით ვხვდებით, ახალ დროში განვითარება ჰპოვა ინგლისელი მწერლის უ. გოდვინის ნაშრომში, „კვლევანი პოლიტიკური სამართლიანობის შესახებ“ (1793), სადაც მან ჩამოაყალიბა ცნება „საზოგადოება სახელმწიფოს გარეშე“. თუმცა აღნიშნული ტერმინი მაშინ ამ სახით არ გვხვდებოდა. შტირნერი ტერმინ „ანარქიზმს“ ლიბერალიზმთან მიმართებაში ხმარობდა, თუმცა თვითონ ყველაზე უფრო დიდი ინდივიდუალისტი იყო და არ ცნობდა ვალდებულებისა და სინამდვილის იდეას. პიერ ჟოზეფ პრუდონმა (1809-65), რომელსაც მარქსი მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელად თვლიდა, თავისი წიგნის „რა არის კერძო საკუთრება?“ (1840) გამოსვლის შემდეგ სახელი გაითქვა როგორც ევროპული რევოლუციური იდეალების გამომხატველმა. მარქსისგან განსხვავებით, თავის ექსპლუატაციის თეორიაში დამატებით ღირებულებას, რომელსაც კაპიტალისტები ითვისებენ, პრუდონი განიხილავდა არა როგორც პროდუქტს, რომელიც სასიცოცხლო მინიმუმის ზღვარს ზემოთ იქმნება, არამედ როგორც მუშების შრომის კოოპერირების შედეგს. „სახელმწიფოს ლიკვიდაციის“ პროექტების სანაცვლოდ მან წამოაყენა პროექტი მისი ფედერალური გარდაქმნის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი მოუწოდებდა თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოებს წვრილ ავტონომიურ ოლქებად დაშლისკენ. მიხეილ ბაკუნინი (1814-76) პრუდონის მიმდევარი იყო. დაქირავებულ მუშას იგი მონად თვლიდა და ამის გამო კოლექტიური საკუთრების შემოღების იდეას აყენებდა. ბაკუნინის აზრით, სახელმწიფო რყვნის თავის მოქალაქეებს, როგორც ქვეშევრდომებს, ისე მმართველებს. მათი ადამიანური სტატუსი კარგავს თავის მნიშვნელობას. I ინტერნაციონალში ბაკუნინი აკრიტიკებდა მარქსს, რომელსაც სახელმწიფოს სრული ლიკვიდაციის მაგივრად მიზანშეწონილად მიაჩნდა მისი ტრანსფორმაცია. ამ წინააღმდეგობებმა ორგანიზაცია 1876 წელს დაშლამდე მიიყვანა. პეტრე კროპოტკინი ცდილობდა ა-ის საკუთარი კონცეფცია დარვინის ნაშრომზე დაყრდნობით მეცნიერულად დაესაბუთებინა. ნაშრომში „ურთიერთდახმარება როგორც ევოლუციის ფაქტორი“ (1897) იგი ამტკიცებდა, რომ ევოლუციის წარმატება დამოკიდებულია კონკრეტული სახეობის მდედრობითი სქესის ინდივიდებს შორის ურთიერთდახმარების ხარისხზე, ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ ეს დახმარება თითოეული მათგანისათვის მომგებიანი იყოს. ა-ის იმდენი კონცეფციაა, რამდენი თეორეტიკოსიცაა. მთავარი კრიტერიუმი, რომელიც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, არის სხვადასხვა ქმედებების - ტეროროზმიდან ტოლსტოის (1828-1910) პაციფიზმამდე და სოციალურ გარდაქმნამდე - კანონიერად აღიარება. ლიბერალიზმისაგან განსხვავებით, ა-მა მნიშვნელოვანი როლი ვერ ითამაშა სტალინისა და ჰიტლერის ე. წ. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, თუმცა ორივე მიმდინარეობა ლიბერალიზმს შეერწყა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: