ფემინისტური ისტორიოგრაფია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Feminist Historiography, Herstory

ფემინისტური ისტორიოგრაფია მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან, ფემინისტურ მოძრაობასთან ერთად გაძლიერდა, როცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა ისტორიის წერაში და დაიწყო ფემინისტური პერსპექტივიდან დაწერილი ისტორიის შექმნა. ინგლისურში დამკვიდრდა სიტყვა herstory, რომელიც მიღებულია ისტორიის შესატყვის ინგლისურ სიტყვაში (history) პირველი მარცვლის, რომელიც მამრობითი კუთვნილებითი ნაცვალსახელის (his - მისი) იდენტურად ჟღერს, შესაბამისი მდედრობითი ნაცვალსახელით (Her) ჩანაცვლების გზით.

ფემინისტურმა ისტორიოგრაფიამ ეჭვის ქვეშ დააყენა და მკაცრად გააკრიტიკა ჰეგემონიური, ტრადიციულად პატრიარქალური აკადემიური ისტორიოგრაფია, რომელიც თანამიმდევრულად და ჯიუტად უარყოფდა ისტორიაში ქალების არსებობას და არ აღიარებდა გენდერს, როგორც ისტორიული ანალიზის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. გარდა ამისა, ფემინისტებმა უარყვეს ისტორიის, როგორც ფაქტებზე დაფუძნებული, ობიექტური მეცნიერების არსებობა და მიუთითეს, რომ საუკუნეების მანძილზე მამაკაცები ქმნიდნენ ისტორიის კონვენციურ ვერსიას. ფემინისტებმა საფუძვლიანად გააანალიზეს ისიც, თუ როგორ იწერებოდა მანამდე ქალთა ისტორია. ის მწირი მასალა, რაც არსებობდა, ძირითადად მაღალი კლასის ქალებს ეძღვნებოდა (მაგალითად, დედოფლებს), თუმცა მათი ისტორიების შედგენაც არსებული ფალოცენტრული კატეგორიებით ხდებოდა.

70-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო ამ კატეგორიების რღვევა და მათი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, ხოლო 80-იანი წლებიდან ფემინისტური ისტორიოგრაფიის შესახებ დებატები უფრო მასშტაბური გახდა, რამაც მეტი მრავალფეროვანობა და ინტერესი შესძინა ისტორიაში ცალკეული ქალების როლის შესახებ დისკუსიებს. გარდა ამისა, გადაისინჯა არსებული ანალიტიკური კატეგორიები და გენდერთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა კლასმა და რასამ.

ფემინისტური ისტორიოგრაფია დღეს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროექტია. ქალთა ისტორიის შესახებ ცნობების მოპოვება, საარქივო მასალების მოძიება, მათი აღდგენა და ანალიზი მნიშვნელოვანი ფემინისტური პროექტია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Lorraine Code, (ed.) Encyclopedia of Feminist Theory, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: