ტრანსფობია (პირდაპირი მნიშვნელობით - ტრანსების შიში) აღნიშნავს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ შიშსა და სიძულვილს, მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და ნეგატიურ სტერეოტიპებს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ მოლოდინებს. თეორეტიკოსთა აზრით, ტრანსფობიის წყაროა სექსიზმი და მიზოგინია. საზოგადოებებში, როგორც წესი, მასკულინობა ფემინურობაზე უფრო მეტად ფასდება, გენდერული ნორმები მკაცრადაა გაწერილი, ხოლო გენდერი ბინარულ ოპოზიციად აღიქმება და აუცილებლად ბიოლოგიურ სქესს უკავშირდება. ტრანსგენდერი ადამიანები ამ ნორმებისა და სტერეოტიპების არამდგრადობას უსვამენ ხაზს, რაც საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ტრანსფობია ტრანსგენდერი ადამიანების გარიყვის, მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისა და მათი მკვლელობის მიზეზიც კი ხდება, რაც ტრანს ადამიანებს საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად აქცევს. ტრანსფობია ხშირად იქცევა ტრანსგენდერი ადამიანების უმუშევრობის, სახლიდან განდევნის, დეპრესიის, თვითდაზიანებისა თუ თვითმკვლელობის მიზეზად.
ტრანსფობია უცხო არ არის თვით ლგბ თემისა თუ ფემინისტური მოძრაობისთვისაც. ხშირად ტრანსგენდერ ქალებს აძევებდნენ ქალებისათვის განკუთვნილი სივრცეებიდან. 90-იან წლებამდე ტრანსგენდერი ადამიანები მარგინალიზებულები იყვნენ ლგბ დისკურსშიც, თუმცა ამჟამად ეს ტენდენციები იცვლება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Stryker, S. (2006). (De)Subjugated Knowledges: An Introduction to Transgender Studies. In Stryker, S., Whittle S. (ed.) The Transgender Studies Reader. New York: Routledge.