საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში იგულისხმება სტალინის მმართველობის შემდგომი პერიოდი, ძირითადად ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის მმართველობის დრო და „პერესტროიკა“. პოლიტიკურად საბჭოთა კავშირის ეს პერიოდი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ხრუშჩოვის პერიოდში ჩატარებული დესტალინიზაცია და ბევრი რადიკალური რეფორმა ბრეჟნევის ეპოქის „კადრების სტაბილურობისა“ და „სტაგნაციის“, ანუ უძრაობის პერიოდმა, შეცვალა. ამას კი უკვე ახალი, საბჭოთა კავშირისთვის საკმაოდ უცხო გარდაქმნის, ანუ „პერესტროიკის“, პერიოდი მოჰყვა.
ადრეული საბჭოთა პერიოდისაგან განსხვავებით, გვიანდელ პერიოდში საბჭოთა კავშირის პოლიტიკა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საკმაოდ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად საბჭოთა იდეოლოგია ამ პერიოდშიც ქალთა უფლებების დაცვაზე იყო მიმართული, ადრეული საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი რადიკალური რიტორიკა და პოლიტიკა უკანა პლანზე გადავიდა. ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირში მუშახელის ნაკლებობის გამო პოლიტიკა მუდმივად ქალების მასობრივ დასაქმებაზე იყო მიმართული - საბჭოთა მთავრობის მიზანი იყო ყველა დიასახლისის სამუშაო ძალაში ჩართვა. მაგრამ, ამავე დროს, ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდა შობადობის გაზრდა, რაც გამოიხატა დედობის აქტიური პროპაგანდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროპაგანდის პარალელურად შესამჩნევია მთავრობის მცდელობაც, ქალები უზრუნველყოს ისეთი საჭირო სერვისებით, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სასადილოები და სხვ. თუმცა, ასეთი სურვილის მიუხედავად, ეს სერვისები არასაკმარისი და არახარისხიანი აღმოჩნდა, რაც, თავის მხრივ, ამწვავებდა მუშა ქალების მდგომარეობას.
დედობის პროპაგანდის პარალელურად გვიანი საბჭოთა კავშირი ხასიათდება „ფემინურობასთან დაბრუნების“ ტენდენციით, რაც გამოიხატებოდა ფემინურობის გარკვეული ნორმების დამკვიდრებით, რომლებიც, თავის მხრივ, ამძაფრებდა ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და მოლოდინებს. ამის ნათელი მაგალითია შრომის გადანაწილება ოჯახში, სადაც საოჯახო შრომა ისევ და ისევ ქალთა მოვალეობად რჩებოდა. შესაბამისად, ქალს ორ ცვლაში უწევდა მუშაობა - სამსახურსა და ოჯახში, რაც „ორმაგ ტვირთს“ უქმნიდა მას. „ორმაგი ტვირთი“, პროფესიებისა და დარგების გენდერული სეგრეგაცია, დაბალანაზღაურებიანი პროფესიების ფემინიზაცია, ქალების სტერეოტიპიზაცია კი ის ფაქტორები იყო, რომლებიც ქალებს იაფ მუშახელად აქცევდა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Medvedev, R. (1983).The Soviet Union at The Beginning of New Era, Socialist Register. Vol 20, available at: http://socialistregister.com/index.php/srv/issue/view/419#.VaCiUPmqqkr
Lapidus, W. G. (1979), Women in Soviet Society: Equality, Development and Social Change, Los Angeles: University of California Press.
Hosking, G. (2003).The First Socialist Society: A History of the Soviet Union from Within, Cambridge, MA: Harvard University Press.
Buckley, M. (1981), Women in The Soviet Union, Feminist Reviw, (pp. 79-106), available at: http://www.palgrave-journals.com/fr/journal/v8/n1/full/fr198113a.html