სარა მარგარეტ ფულერი (1810-1850) იყო ამერიკელი ფემინისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი. ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორიაში ის იყო პირველი ქალი, რომელიც წიგნების მიმომხილველად მუშაობდა.
ფულერი დაიბადა კემბრიჯში, მასაჩუსეტში. მამამისი, ტიმოთი ფულერი, ცნობილი იურისტ-პოლიტიკოსი იყო და მარგარეტმა საწყისი განათლება მისგან მიიღო. შემდეგ ის რამდენიმე სკოლაში სწავლობდა და 1839 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჟურნალის რედაქტორი ან თანამშრომელი იყო და უაღრესად განათლებული ადამიანის რეპუტაცია მოიპვა. ფულერი იყო პირველი ქალი, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის ნება დართეს.
ფულერი ქალთა უფლებების აქტიური დამცველი იყო. მან 1839 წელს ჩამოაყალიბა ქალთა სადისკუსიო წრე, რომელშიც დისკუსიები იმართებოდა ქალთა უფლებების სხვადასხვა ასპექტზე და 5 წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა. ქალთა უფლებებიდან ფულერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო განათლებისა და დასაქმების უფლებები. ის მხარს უჭერდა მონათმფლობელობის გაუქმების მოძრაობასაც.
ფულერის წიგნი „ქალი მეცხრამეტე საუკუნეში“ (1845) პირველ ამერიკულ ფემინისტურ შრომადაა აღიარებული. ტექსტის ადრინდელი ვერსია 1843 გამოქვეყნდა წელს ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალ „დაიალში“ (The Dial) სათაურით „დიდი სასამართლო. კაცები კაცების წინააღმდეგ, ქალები ქალების წინააღმდეგ“ (The Great Lawsuit. Man versus Men, Woman versus Women).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Margaret Fuller, The Biography.com website, available at: http://www.biography.com/people/margaret-fuller-9303889
[Sarah] Margaret Fuller. 1810-1850, American Transcendentalism Web, available at: http://transcendentalism-legacy.tamu.edu/authors/fuller/