ფემინურობა (ანუ ქალურობა) იმ თვისებათა ნაკრებს გულისხმობს, რომლებიც კონკრეტულად ქალის დამახასიათებლად მიიჩნევა. მისი შესატყვისი კაცებისათვის არის მასკულინობა. ფემინისტი თეორეტიკოსები მიუთითებენ, რომ ფემინურობის (ისევე, როგორც მასკულინობის) გაგება კულტურულად და ისტორიულად რელატიურია და, შესაბამისად, არ არის დეტერმინირებული სექსთა ბიოლოგიური თავისებურებებით. გენდერის კვლევის მნიშვნელოვანი თემაა მასკულინობისა და ფემინურობის ისტორიულად ცვალებადი დიქოტომიისა და მასთან დაკავშირებული სხვა დიქოტომიების - სული და სხეული, რაციონალურობა და ემოცია, სუბიექტი და ობიექტი, აქტიური და პასიური, ძალა და სილამაზე და ა. შ. - გენეალოგიის კვლევა. ფემინისტური კვლევები აჩვენებს, როგორ მუშაობს რელობაში ფემინურობის ნორმები და სტანდარტები ისე, რომ ქალებს შეუზღუდოს თავისუფალი გადაადგილება, განათლების წვდომა, კარიერული და პოლიტიკური ამბიციები, დამოუკიდებლობა და ა. შ.; გაამართლოს ქალის მამაკაცზე დამოკიდებულება, მის მიმართ მორჩილება და დაქვემდებარება; და აშკარად ან ფარულად შექმნას ქალსა და მამაკაცს შორის ღირებულებითი იერარქია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender.
Marianne van den Wijngaard (1997). Reinventing the sexes: the biomedical construction of femininity and masculinity. Race, gender, and science. Indiana University Press.
Ferrante, Joan. Sociology: A Global Perspective (7th ed.). Belmont, CA: Thomson Wadsworth.