ვუმენიზმი

Womanism

ტერმინი „ვუმენიზმი“ პირველად გამოიყენა პოეტმა ელის უოლკერმა თავის კრებულში „დედაჩვენის ბაღების ძიებაში: ვუმენისტური პროზა“ (In Search of our Mother's Gardens: Womanist Prose, 1983). უოლკერის თქმით, მან ეს სიტყვა შექმნა სამხრეთული დიალექტის ფრაზიდან „ქალივით მოქცევა“ (acting womanish) - ამ სიტყვებით ახასიათებენ გოგონას მამაც და თვალში მოსახვედრ საქციელს, რომელიც სოციალურ ნორმებს არღვევს. უოლკერი წერს, რომ ვუმენისტი სეპარატისტს არ ნიშნავს; ეს არის ქალი, რომელსაც უყვარს სხვა ქალები (სექსუალურად თუ არასექსუალურად) და თავისი თავი, აფასებს ქალების კულტურას, ქალების ემოციურ მოქნილობას და ისწრაფვის ყველას - ქალებისა თუ კაცების - გადარჩენისკენ. თუ უოლკერთან ვუმენიზმი უფრო ცხოვრების სტილსა თუ მიდგომას აღნიშნავდა, მალე ამ სიტყვამ შეიძინა მნიშვნელობა თეორიისა, რომელიც შავკანიანი ქალების მიერ განცდილი რასისტული და სექსისტური ჩაგვრის გააზრებაზეა მიმართული. ვუმენიზმი აკრიტიკებს თეთრკანიანი ფემინისტების რასიზმსა და კლასიზმს; ის დაუპირისპირდა ფემინიზმს, როგორც თეთრკანიანი საშუალო კლასის ქალების მოძრაობას, რომელიც რასისტული და მრავალი ქალის მიმართ ექსკლუზიური რჩებოდა. ვუმენიზმი გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლასთან ერთად მოიცავს რასისტული ჩაგვრის წინააღმდეგ შავკანიან კაცებთან ერთად ბრძოლასაც. ვუმენისტების ნაშრომებში ჭარბობს შავკანიანთა ნაციონალისტური დისკურსი და ეს განასხვავებს მას აფრიკული და შავკანიანთა ფემინიზმისგან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Walker, A. (1983). In search of Our Mother’s Gardens: Womanist Prose. New York: Harcourt Inc.

კატეგორია: 
ავტორები: