ვანდანა შივა

Vandana Shiva

ვანდანა შივა (დაბ. 1952) ერთ-ერთი მოწინავე ფემინისტი თეორეტიკოსი და ეკოფემინისტი აქტივისტია. იგი მიიჩნევს, რომ დასავლური მეცნიერული ეპისტემოლოგია ქალებსა და ბუნებას განიხილავს, როგორც დაკვირვების პასიურ ობიექტს, რომლის უფლებების ხელყოფა დასაშვებია. მისი აზრით, რედუქციონისტული ეპისტემოლოგია ავრცელებს კაპიტალისტური განვითარების ისეთ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია ეფექტურობა და მოგება. ის, რასაც განვითარებას უწოდებენ, სინამდვილეში არსებითად არასწორი განვითარებაა, რომელიც ანადგურებს ეკოლოგიას და აკოტრებს მესამე სამყაროს ქვეყნებს. შივა მხარს უჭერს ქვევიდან წამოსულ (grassroots) სახალხო მოძრაობებს, რომლებშიც ქალები დომინანტურ როლს შეასრულებენ და რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევს განვითარების მოგებაზე ორიენტირებულ მოდელს. მაგალითად, ვანდანა შივა ჩიპკო მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მისი აზრით, აუცილებელია განვითარების ახალი გაგება, ანუ განვითარება უნდა გავიგოთ როგორც მწარმოებელი და არა როგორც სიცოცხლის გამანადგურებელი. მაგალითად, მოსავლის მოყვანის ისეთი ტრადიციული პრაქტიკა, როგორიცაა ხელით თესვა, განდევნა მულტინაციონალურმა ბიოტექნოლოგიურმა კორპორაციებმა, რომლებიც ადგილობრივ სოფლის მეურეობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებას ამკვიდრებენ. ვანდანა შივა, მარია მესთან ერთად, ავტორია წიგნისა ეკოფემინიზმი, რომელშიც ერთმანეთთანაა შერწყმული ანტიკოლონიალური და ანტიკაპიტალისტური პოზიციები. ავტორების აზრით, კაპიტალიზმი სიმდიდრის დასაგროვებლად ბუნებისაგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად, ამ პროცესში ბუნებას ეკოლოგიურ ნიადაგს აცლის და მას აღდგენის საშუალებას არ აძლევს . კაპიტალიზმში ისინი ხედავენ გამავრცელებელს განვითარების დასავლური მოდელის ჰეგემონიისა, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცის ევროცენტრიზმს, ანდროცენტრიზმსა და ანთროპოცენტრიზმს ეფუძნება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: