ტერორიზმი

Terrorism

სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის მოწინააღმდეგის დაშინებას, დათრგუნვას ან ფიზიკურ განადგურებას. ტ. შეიძლება იყოს მიმართული როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების, ორგანოებისა და ორგანიზაციების, უბრალო მოქალაქეების მიმართ. იგი ხორციელდება არა მარტო მკვლელობისა და მუქარის სახით, არამედ აფეთქებების, შეიარაღებული თავდასხმების, ტრანსპორტების, თვითმფრინავებისა და სხვ. გატაცების სახით. ტ. შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ჯგუფური (ორგანიზებული) და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილიც, რაც განსაკუთრებით საშიშია. ტ-თვის, როგორც პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული ფორმისათვის, დამახასიათებელია: ფანატიკური მიზანსწრაფვა, უმოწყალობა, გათვლა გარეგან ეფექტსა და ფსიქოლოგიურ გავლენაზე და სხვ. ტ. დღეს უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო მკაცრად გმობს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: