1. მარქსიზმის თანახმად, კომუნიზმის როგორც საზოგადოებრივ–ეკონომიკური ფორმაციის პირველი, უმდაბლესი, განუვითარებელი, მოუმწიფებელი ფაზა. იგი გარდამავალი რევოლუციური პერიოდის შემდეგ უშუალოდ კაპიტალიზმის სანაცვლოდ მოდის და კერძო საკუთრებისა და ექსპლუატატორული კლასების ლიკვიდაციით, საწარმოო საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების დაწესებითა და საზოგადოების სოციალურ–პოლიტიკური და იდეური ერთობის ჩარჩოში მუშათა კლასის მოწინავე როლით ხასიათდება. ს–ის დროს სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების პირობების შექმნის საფუძველზე ხორციელდება პრინციპი – „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას – შრომის მიხედვით“.2. პოლიტიკური მსოფლმხედველობა ან საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემა, რომელიც ეფუძნება წარმოების, განაწილებისა და გაცვლის საშუალებებზე კოლექტიურ ან სახელმწიფოებრივ საკუთრებას. დასავლეთ ევროპაში სოციალურ–დემოკრატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა მარქსისტული მიდგომისაგან განსხვავებით, „კეინსის“ იდეა აიღეს სახელმძღვანელოდ. მათი აზრით, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა ეკონომიკის ეფექტური მართვით მიიღწევა, ამასთან ისინი გამოდიან მრეწველობის ნაწილობრივი და არა მთლიანი ნაციონალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობის გადანაწილების იდეით: სოციალ–დემოკრატები ითვალისწინებენ შერეული ეკონომიკის რეალიებს და უარყოფენ კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზსა და წარმოების, განაწილებისა და გაცვლის ძირითადი საშუალებების სოციალიზაციას. ს–ის მოდერნიზაციის, გარდაქმნის და ახლებურად გააზრების ცდებმა ბოლო 25–30 წლის მანძილზე მთელი რიგი „ახალი მემარცხენე“ იდეები წარმოშვა. ზოგიერთმა მათგანმა ხორცშესხმა ჰპოვა სოციალისტური მოძრაობებისა და პარტიების საქმიანობაში, ზოგიერთი კი საჭიროებს ახალი დოქტრინების გამოყენებას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი