სექსუალური ზეწოლა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sexual Harassment

სექსუალური ზეწოლის მრავალი განმარტება არსებობს. სექსუალურ ზეწოლად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი სახის სექსუალური ხასიათის ქცევა, პირდაპირი თუ ირიბი, აშკარა თუ ფარული, რომელიც არასასურველია ობიექტისათვის. ეს მოიცავს ფიზიკურ შეხებასა და სექსუალური ხასიათის შემოთავაზებებს, კომენტარებს, პორნოგრაფიის დემონსტრირებას, ქცევით ან სიტყვით გამოხატულ სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებებს.

ერთ-ერთი გავრცელებული განმარტების თანახმად, არსებობს სექსუალური ზეწოლის ორი ფორმა: სექსუალური ზეწოლა მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (quid pro quo) და სექსუალური ზეწოლა მტრულ გარემოში (hostile environment harassment).

სექსუალური ზეწოლა მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (quid pro quo ) გულისხმობს ისეთ სიტუაციას, როდესაც დამსაქმებელი ან იერარქიულად მაღალ საფეხურზე მყოფი ადამიანი სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით სთავაზობს მეორეს სექსუალური ხასიათის ქმედებას - დაწინაურების ან ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ, ან მუქარის გამოყენებით.

სექსუალური ზეწოლა მტრულ გარემოში (hostile environment harassment) გულისხმობს სექსუალური ხასიათის მქონე ნებისმიერ ქცევას, რომელიც ადამიანისთვის არასასურველია და მას მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს უქმნის. ის შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, ფიზიკურად და ვერბალურად, და მოიცავს სექსუალური დატვირთვის მქონე ხუმრობებს, კომენტარებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ჟესტებს, მიშტერებას, ფიზიკურ შეხებას, ა.შ.

სექსუალური ზეწოლა მნიშვნელოვანი სოციალური და სამართლებრივი პრობლემაა. ფემინისტი მკვლევრების აზრით, კანონმდებლობა დიდწილად აკნინებს ან უგულებელყოფს სექსუალური ზეწოლის დანაშაულს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, ქალების სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და მათ თავისუფლებას უზღუდავს. მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე არ არსებობდა „სექსუალური ზეწოლის“ აღმნიშვნელი ტერმინი და ის არ იყო აღიარებული საზოგადოებრივ პრობლემად.

„სექსუალური ზეწოლის“ პირადიდან საზოგადო პრობლემად გადაქცევის ისტორიაში სამი ეტაპი გამოიყოფა: პირველ ეტაპზე მოხდა ამ პრობლემის იდენტიფიცირება და მის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ამ პრობლემისთვის სახელის დარქმევა, რის შედეგადაც დაიწყო ტერმინის „სექსუალური ზეწოლა“ გამოყენება; ბოლო, მნიშვნელოვანი ეტაპია ყურადღების გამახვილება ამ პრობლემის მავნე შედეგებზე და ზიანის მასშტაბებზე, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს სამუშაო გარემოზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Sev’er, A. (1996). ‘Mainstream Neglect of Sexual Harassment as a Social Problem’, The Canadian Journal of Sociology, Vol. 21, No. 2, pp. 185-202 

USA Equal Employment Opportunity Commission (EEOC). Enforcement Guidance. 1990. Retrieved from http://www.eeoc.gov/eeoc/publications/upload/currentissues.pdf

Welsh, S. (1999). ‘Gender and Sexual Harassment’, Annual Review of Sociology, Vol. 25, pp. 169-190

კატეგორია: 
ავტორები: